აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული პაუზა ორ მიზანს ემსახურება – ღაზაში დახმარების მიწოდების დაჩქარება და მძევლების გათავისუფლების ხელშეწყობა.
„ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ არ დავაბრუნებთ მძევლებს სახლში. ზავი უზრუნველყოფს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჭირო საკვების, მედიკამენტების, წყლისა და საწვავის მიწოდებისთვის და ჩვენ არცერთ წუთს არ ვკარგავთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.
