ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, ასოციაციები და სპეციალისტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც გმობენ ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას და მოუწოდებენ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, აღკვეთოს ეს მცდელობა, ამ შემთხვევაში ნინო დათაშვილის მიმართ.
“ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება არის პოლიტიკური რეპრესიების ჩვეული მეთოდი ავტორიტარულ და დიქტატორულ სისტემებში. საბჭოთა კავშირში დისიდენტების საზოგადოებისგან იზოლაცია მათი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იძულებითი მოთავსებისა და “მკურნალობის” გზით პოლიტიკური ანგარიშსწორების ჩვეული ხერხი იყო. ამგვარ პრაქტიკას, საერთაშორისო ნორმების მიხედვით, ენიჭება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაცია.
არც საქართველო წარმოადგენდა ამ თვალსაზრისით გამონაკლისს – საკმარისია გავიხსენოთ ჟურნალისტი ნაზი შამანაურის შემთხვევა, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის გამო იძულებით მოათავსეს ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ცემით მოკლეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ნინო დათაშვილს წლების წინ წელის მალთაშუა დისკის დაზიანებით გამოწვეული მწვავე და ქრონიკული ტკივილის ფონზე, ფსიქო-ემოციური სფეროს სირთულეები განუვითარდა, რაც სპეციალისტების შეფასებით, ბუნებრივი და გავრცელებული რეაქციაა ქრონიკულ ტკივილზე საპასუხოდ.
პროკურტურამ ნინო დათავილთან მიმართებით, მისი ეს ისტორია და სამედიცინო ფორმა 100-ში ჩაწერილი “ემოციური ლაბილობა” გამოიყენა შეურაცხადობაზე ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საფუძვლად, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. “ემოციური ლაბილობა” კლინიკურ დიაგნოზს არ წარმოადგენს. სწორეს ამას მიიჩნევენ ფსიქიატრები, მათი პროფესიის პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად გამოყენების მხდელობად.
“ნინო დათაშვილს ემუქრება 20 დღით იძულებითი ფსიქიატრიული დაკვირვების ქვეშ ყოფნა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მაშინ, როდესაც ემოციური ლაბილობა არ წარმოადგენს შეურაცხადობის დადგენის საფუძველს. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ე.წ. გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები – შფოთვა, დეპრესია, პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა და ამ ფონზე ემოციური ლაბილობა – აწუხებს ყოველ მეოთხე ადამიანს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც. ამის გამო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, ამ ექსპერტიზის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში თავად პირის მონაწილეობის გარეშე, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და შესაძლოა გავუტოლოთ არაჰუმანურ და დამამცირებელ მოპყრობას. მოგიწოდებთ, რომ ეს საგანგაშო და მანკიერი პრაქტიკა ჩანასახშივე აღმოფხვრათ და არ ვაქციოთ ფსიქიატრია და მედიცინა პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად, როგორც ეს ფაშისტურ პოლიტიკურ რეჟიმებს ახასიათებს. სხვანაირად, ნაზი შამანაურის მსგავსი ტრაგედიები შესაძლოა გახდეს ჩვენი ახალი რეალობა და ყოველდღიურობა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენელთა ამ განცხადებას 200-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს და სია განახლებადია.
2 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია ნინო დათაშვილის ადვოკატების მიერ, რომ პროკურატურის ინიციატივითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, პედაგოგსა და აქტივისტს ნინო დათაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. ადვოკატები ფიქრობენ, რომ ამ ექსპერტიზას პროკურატურა ნინოს წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებისთვის იყენებს. ნინოს სასამართლო 7 აგვისტოს არის ჩანიშნული და იქ უნდა გადაისინჯოს, არსებობს თუ არა დათაშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა.
წაიკითხეთ მისი ამბავი აქ:
„ერთი თვე მაინც რომ ვიყო თავისუფლებაზე?“ — ნინო დათაშვილის გზა სასამართლოდან ქალთა კოლონიამდე
