„არ არსებობს არგუმენტი, რატომ არ უნდა განხორციელდეს“ — კალაძე ცათამბჯენების პროექტზე

თბილისის მერი „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ ცათამბჯენების მშენებლობაზე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ ამბობს, რომ „არ არსებობს არანაირი ლოგიკა და არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა
განხორციელდეს მსგავსი პროექტები“.
„თავისი მიზეზი აქვთ, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ეს ადამიანები მსგავსი პროექტების განხორციელებას, ზოგადად, ქალაქის აღმშენებლობას და განვითარებას. მინდა გავიხსენო წლები, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა სლოგანი „გაჩერებული თუ შეჩერებული თბილისი“, თუ რაღაც მსგავსი. დღეს, როდესაც თბილისში არის მშენებლობის ბუმი და ხდება ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება, გიჟდებიან… არ იციან, რა ქნათ, რადგან ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს მშენებლობას, საქმდება უამრავი ადამიანი. ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს სხვადასხვა მიმართულებით“, — განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ბოროტი სპეკულაციები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს ქალაქის აღმშენებლობას და პროექტები განხორციელდება მომავალშიც.
„უბრალოდ, სასაცილოა, რომ მარიკა ვერულაშვილს აკავშირებენ ჩვენთან ისინი, ვისი პარტიის წევრიც იყო წლების განმავლობაში და მათ პოლიტიკას ატარებდა“, — განაცხადა კალაძემ.
ხვალ, 28 დეკემბერს, თბილისის საკრებულოში „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.
თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა, საბა ბუაძემ („ლელო“) და ლილე ლიპარტელიანმა („ნაციონალური მოძრაობა“) დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და საკრებულოს „ქართულ ოცნებას“ მოუწოდეს, პროექტი უკან გაიწვიონ.
დაგეგმილი ცათამბჯენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე საზოგადოებისა და ასევე, ექსპერტთა ნაწილის მხრიდან მას დიდი კრიტიკა მოჰყვა. მაგალითად, „ურბანული განვითარების ინსტიტუტმა“ დაწერა, რომ პროექტი „სრულიად შეუსაბამოა ქალაქის ამ არეალის სივრცითი განვითარებისთვის“.