ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნების“ „მეორე ტურის“ წინ, რომელიც 1 მარტს უნდა გაიმართოს, არძინბას-ჰაჯიმბას კლანი გააფთრებით უტევს “სომხურ კლანს”. ადღურ არძინბა, რომელიც ანკლავში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას მეორედ ცდილობს, ანქვაბი-ბჟანიას კლანის „კანდიდატს” ბადრი გუნბას ღიად ადანაშაულებს, რომ „პირველი ტური“ მან სომხების „ხმების“ მოსყიდვით მოიგო.
არძინბას მტკიცებით, ანქვაბი-ბჟანიას კლანმა, სომხების ადგილობრივ ლიდერს, ყოფილ ბოევიკს და კრიმინალურ ავტორიტეტს ალიკ მინასიანს, რუსეთის დოტაციიდან, „შეღავათიანი კრედიტი“ – 8 მილიონ 300 ათასი დოლარი გამოუყო. ანქვაბი-ბჟანიას კლანს სომხების მობილიზაციისთვის, ასევე დაეხმარა რუსეთის სომხური დიასპორა, სომეხი კრიმინალური ავტორიტეტები და კრემლის ძლიერი პროპაგანდა, რომ გუნბა „პრორუსული“, ხოლო – არძინბა „პროთურქული“ „კანდიდატია“.
„ხვალ აქ როგორ უნდა ვიცხოვროთ? მათ შორის, ჩვენს სომხურ თემთან?! სახეზეა ღია ეთნიკური დაპირისპირება. ჩვენ ახლა ვცდილობთ გავაჩეროთ „ცხელი თავები“ ადღურ არძინბა
გუნბამ 15 თებერვალს „დიდი მხარდაჭერა“ მიიღო ქალაქ გაგრაში, სოხუმში, გულრიფში, ოჩამჩირეში, დაბა განთიადში, ასევე ფსოუში, ლესელიძეში, ბაღნარში, ნაკადულში, მუხრანში, წალკოტში, ხოლოდნაია რეჩკაში, აგარაკში, მწარაში, წებელდაში, მერხეულში, ვლადიმიროვკაში, ფშაფში, დიდ აგარაკში, ათარაში, ძიგუთაში, მაჭარაში, ლაბრაში და სხვა სოფლებში, სადაც ქართველების ეთნოწმენდის შემდეგ, აბსოლუტური უმრავლესობა სომხები გახდნენ.
„ხვალ აქ როგორ უნდა ვიცხოვროთ? მათ შორის, ჩვენს სომხურ თემთან? სომხურ დიასპორასთან, რომელმაც პრაქტიკულად, 100%-ით დაუჭირა მხარი ერთ კანდიდატს, ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. ეს ხალხი უბრალოდ აიძულეს, რომ ერთი კანდიდატისთვის მიეცათ ხმა. როცა საზოგადოების მეორე ნაწილმა სხვა კანდიდატს მისცა ხმა, სახეზეა ღია ეთნიკური დაპირისპირება. ჩვენ ახლა ვცდილობთ გავაჩეროთ „ცხელი თავები“ იმიტომ, რომ სიტუაცია ზოგჯერ კონტროლიდან გამოდის“ – აღნიშნა ე.წ “მეორე ტურის” წინ, ოკუპირებულ სოხუმში, ადღურ არძინბამ, რომელმაც უკანონო, ე.წ „არჩევნების“ „პირველი ტური“, გუნბასთან „9 ათასი ხმით“ წააგო.
არძინბამ „მეორე ტურის“ წინ, ბოლო შეხვედრა სწორედ სომხებთან გამართა და ფაქტობრივად მოუწოდა „გონს მოეგონ“. მანამდე ანკლავში, ანტისომხურმა კამპანიამ პიკს მიაღწია. არძინბას მომხრეები სოცქსელებში ღიად დაესხნენ თავს გუნბას მომხრე “სომხურ კლანს” და „აფხაზეთიდან გასახლებითაც“ კი დაემუქრნენ. აფხაზურ სოციალურ ქსელებში არაერთი მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინება გავრცელდა. მათ შორის, ე.წ „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის“ ვალერი ბგანგას ძმისშვილის ენვერ ბგანგას მუქარა:
“მეორე ტურისთვის სომხებთან სხვანაირად უნდა ვიმუშაობთ, ისინი მხოლოდ უნდა დააშინო ენვერ ბგანგა
“მეორე ტურისთვის, ძალიან სერიოზული დასკვნები უნდა გაკეთდეს, მათ შორის სომხებთან დაკავშირებით. ბევრგან აფხაზებმაც გვიმუთხლეს, მაგრამ სომხებთან სხვანაირად უნდა ვიმუშაოთ, ისინი მხოლოდ უნდა დააშინო…“
იური ვანაბა: „სომხებმა ძაან გაგვიხურეს საქმე, ბაზარი არაა, ნაგვები“
ადღურ არძინბას შტაბიდან უცნობი ქალბატონი: „უფრო ადვილი არ არის ჩვენთვის, რომ ვისარგებლოთ ამ მომენტით და ყველა სომეხი აფხაზეთიდან გავყაროთ, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, ახლა არის ეს მომენტი“
პარალელურად, არძინბას მომხრეები დიმა არძინბას მეთაურობით, ოკუპირებული გაგრის რაიონის სომხურ სოფლებში შევიდნენ და სომხების დაშინება დაიწყეს. “სომხური კლანის” ლიდერმა ალიკ მინასიანმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ძირითადად, სოჭში ცხოვრობს, ღია წერილით დახმარება ითხოვა.
გაგრის სომხურ მოსახლეობაზე ზეწოლას იმ მიზნით რომ „არჩევნებში“ მონაწილეობაზე უარი ეთქვათ დიმა არძინბას ჯგუფი ახდენდა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი
პირველი ამ წერილს, როგორც მოსალოდნელი იყო, სცენარის მიხედვით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ოპერატიულად “გამოეხმაურა”. მოსკოვში რამდენიმე აფხაზის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, „აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეობის მქონე სომხების დევნა-შევიწროების მუხლით“. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ კერძოდ განაცხადა:
„რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით, უცხოეთის მოქალაქეები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული რუსეთის საზღვრებს მიღმა, რუსეთის კანონდებლობის ნორმების მოთხოვნით, ექვემდებარებიან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, იმ შემთხვევაში თუ დანაშაული რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ არის მიმართული. პირების ჯგუფი, რომლებიც 20-მდე მანქანით ჩავიდნენ გაგრაში, ზეწოლას ახდენდა სოფლების მეთაურებზე, რათა ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას „არჩევნებში“ მონაწილეობაზე უარი ეთქვა, ამ ჯგუფის ლიდერი იყო დიმა არძინბა“.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადება მძიმე დარტყმა აღმოჩნდა არძინბას კლანზე. ენვერ ბგანგა სასწრაფოდ მინასიანებთან მივიდა და სომხებს ბოდიში საჯაროდ მოუხადა. ის, რომ მოსკოვი არ ხუმრობს აფხაზებმა გასულ წელს გამოსცადეს. რუსეთმა ადღურ არძინბას რამდენიმე თანამებრძოლს, ანკლავში სიტუაციის „დესტაბილიზაციის“ ბრალდებით, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვა. მათ შორის, კან კვარჭიას, რომელმაც შარშან აფხაზეთში, სომხების რიცხოვნობის ზრდის გამო უკმაყოფილება ღიად გამოთქვა.
