„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები 3 აგვისტოს, დილის 6 საათიდან მექანიზაციის ქუჩის 2 ნომერში, კომპანიის ერთ-ერთ შენობასთან მორიგ შეკრებას აანონსებენ.
„კვლავ ვაჩერებთ ევოლუშენს“, — ავრცელებს ინფორმაციას პროფკავშირი „ლაბორი“.
დღეს, 2 აგვისტოს “ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების გაფიცვის 22-ე დღეა. პირველ აგვისტოს გაფიცულებს კომპანიის წარმომადგენლებთან დაპირისპირებაც მოუხდათ. თუმცა, როგორც ნეტგაზეთთან მახარე პატაშური, „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომელი და “ევოლუშენში” დასაქმებულთა პროფკავშირის, ევო-კავშირის წევრი ამბობს, პროვოკაციის თავიდან აცილება გაფიცულებმა მოახერხეს.
„ჩვენ აქ ვდგავართ, ბრძოლის ჟინი არ გაგვნელებია, პირიქით. ერთი დღის ჩაგდებით მასშტაბური შეკრებები გვექნება. თუ ვთქვათ და კიდევ 20 დღე გაიწელა, ეს რა თქმა უნდა პრობლემაა ჩვენთვისაც, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. უკან დასახევი ყველა გზა მოჭრილია. თუ ასე გაგრძელდა, ყოველდღიურ რეჟიმში გადავალთ. უვადოდაც გავაჩერებთ „ევოლუშენს“ და რომ დავსხდებით აღარ ავდგებით. ჯერ ასეთ ზომებს არ მივმართავთ, მაგრამ არც შიმშილობას გამოვრიცხავთ“, – ამბობს მახარე პატაშური ნეტგაზეთთან.
გაფიცულებმა კომპანიას ულტიმატუმი წაუყენეს, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი კომპანიის მუშაობას გააჩერებენ. პირველ აგვისტოს ეს პრეცედენტი მოხდა, რასაც მოჰყვა კიდეც გაფიცულებსა და კომპანიის დაცვის თანამშრომლებს შორის დაძაბულობა.
„მხრებზე საქართველოს დროშები გვაქვს მოხვეული. იმიტომ, რომ ჩვენ ვთვლით, რაც აქ ხდება, ეს ეროვნული პრობლემაა. ჩავსხედით შესასვლელებთან და ვამბობდით, რომ თუ ვინმეს შიგნით შესვლა უნდოდა, ჩვენზე უნდა გადაებიჯებინა. სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, ვინც გადაგვაბიჯა. ძირითადად მენეჯერები. თუმცა უმეტესობას ეყო თავმოყვარეობა, რომ ეს არ გაეკეთებინა. ამის გამო, „ევოლუშენი“ დიდი ხნით იყო გაჩერებული.
მერე ჭორივით გაჟღერდა, თანამშრომლები უკანა მხრიდან შეჰყავდათ. გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ კედელი გამოანგრიეს, მიადგეს რაღაცა კიბე, უკანონო მიშენება ფაქტობრივად, სხვისი ტერიტორიიდან, სადაც დიდი საწყობებია, ხალხს აპარებდნენ, ღამით, სიბნელეში. აპარებდნენ ეზოდან, მერე გასაშლელი კიბით რომელიღაც შენობის სახურავზე აჰყავდათ, იქიდან მეორე ეზოში გადაჰყავდათ და ასე. ძალიან გვწყინს, რომ თანამშრომლები, ალბათ დაახლოებით 300-400 ადამიანი ატარეს ვიღაცის სახურავებზე და არცერთს ამაზე პროტესტის გრძნობა არ გასჩენია“, — ჰყვება მახარე პატაშური.
როგორც პატაშური ამბობს, სახელდახელოდ მოწყობილ უკანა გამოსასვლელთან გაფიცულთა გადანაცვლების შემდეგ, დაცვის თანამშრომლები მეტად აგრესიულები გახდნენ. ძალით ცდილობდნენ ახალგაზრდების გაყვანას და პირადად პატაშურსაც ჩაარტყეს თავში.
„პროვოკაციებს არ ავყევით. ამდენი გამოცდილება კი გვაქვს. ჩვენ ყველაფერს კანონის ფარგლებში ვაკეთებთ“, — ამბობს მახარე პატაშური.
გაფიცულთა მოთხოვნები უცვლელია და შრომის ღირსეულ პირობების შექმნას გულისხმობს, თუმცა კომპანიის სათავო ოფისიდან, როგორც ამბობენ, რეაგირება ამ დრომდე არ არის.
გაფიცულმა ახალგაზრდებმა პირველ აგვისტოს წერილით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც მიმართეს და მას სოლიდარობის გამოხატვა სთხოვეს.
„ევოლუშენ ჯორჯია“ არის აზარტული თამაშების დისტანციური სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წელს შემოვიდა. მხოლოდ საქართველოში კომპანიას 8000-მდე თანამშრომელი ჰყავს. თანამშრომელთა ნაწილმა დააფუძნა პროფესიული კავშირი „ევო-კავშირი“.
12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. პროფკავშირის ინფორმაციით, გაფიცულია ათასობით თანამშრომელი. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობებია. მათ პირველ რიგში, ანაზღაურების ზრდა სურთ. გარდა ამისა, გაფიცვის მონაწილეები ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სამუშაო სივრცეში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფასა და საკვებ ვაუჩერებს, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, დისკრიმინაციისა და ღირსების შემლახველი დამოკიდებულებებისგან თავისუფალ გარემოს.
ამ უკანასკნელზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა სქრინები, სავარაუდოდ, “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯმენტის საერთო ჩატიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ და დასცინიან. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „მაუწყებელმა“ გაავრცელა.
ნახეთ ასევე:
მუშაობა წაქცევამდე და სახიფათო სიბინძურე — რას ჰყვებიან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები
