“არც კი უნდა განიხილებოდეს იდეა, რომ ვინმემ ციხიდან გამოსვლის შანსზე უარი თქვას”– ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი:
ამ ეტაპზე სინდისის ყველა პატიმარს უკვე გამოტანილი აქვს განაჩენი. განხილვები პრაქტიკულად დასრულებულია სასამართლოს ყველა ინსტანციაში, რაც ნიშნავს, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეწყალება შესაძლებელია.
ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ნორმას, რომლის მიხედვითაც ყაველაშვილს შეუძლია, წინასწარი პირობების, შეწყალების თხოვნისა გარეშე გაუღოს ციხის კარი ამ ადამიანებს — ზუსტად ისე, როგორც ეს თავის დროზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში მოხდა, როდესაც პოლიტიკურად მათთვის საჭირო აღმოჩნდა. პატიმრებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ბრალი უკვე აღიარებული აქვთ. მიუხედავად იმისა რომ პროკურატურამ ისინი გადაყარა და საპროცესოები აღარ გაუფორმა. თუმცა იმ პირებისგან დანაშაულის აღიარების მოთხოვნა, რომელთაც ის არ ჩაუდენიათ, წარმოადგენს უსამართლობას და მათი ღირსების საბოლოო გათელვას — რასაც, ბუნებრივია, ისინი არ ეთანხმებიან. ამ ბიჭებსა და გოგოებს შორის ყველას არ აქვს პოლიტიკური ამბიციები. შესაბამისად, ყველას სახელით იმის თქმა, რომ შეწყალება არ სურთ, არასწორია — ყველა ერთნაირად არ ფიქრობს. თუ ყაველაშვილი გამოიყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და ამ ადამიანებს უბრალოდ გაუღებს ციხის კარს, ეს შანსი უნდა გამოიყენოს ყველამ, ვისაც ამის სურვილი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ბიჭებმა და გოგოებმა იცოდნენ, საზოგადოება მადლიერია მათი. მათ ამ ბრძოლაში ყველაზე ძვირფასი, საკუთარი თავისუფლება გადაიხადეს. ისინი, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს ისტორიაში დარჩებიან ისე, როგორც მეოთხე ბრიგადა აგვისტოს ომში — ბრიგადა, რომელმაც ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადა, ყველაზე მეტი დათმო, ყველაზე მეტად დაზარალდა. არც კი უნდა განიხილებოდეს იდეა, რომ ვინმემ ციხიდან გამოსვლის შანსზე უარი თქვას. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს ინდივიდუალურად და არა კოლექტიურად. და ბოლოს, თუ ციხის კარები გაიღება, ეს უნდა მოხდეს ყველა პატიმრისთვის და არა შერჩევითად, მხოლოდ რამდენიმე მათგანისთვის.
სხვა შემთხვევაში, ეს კიდევ ერთი უსამართლობა იქნება და ამ ამბავს სიხარული ვერ მოჰყვება.