არჩილ თალაკვაძე: ჩვენი 200 ათასი თანამოქალაქის შეკრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა ხელისუფლების მაღალი ლეგიტიმაცია –

გუშინდელმა სახალხო შეკრებამ წერტილი დაუსვა რადიკალური ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას; საზოგადოების დაპირისპირების, მეტობის, ოდნავ ზევით დგომის მათემატიკას, რადგან გუშინ, რუსთაველზე მართლაც ზღვა ხალხი მოვიდა – დესტრუქციის ადგილი აღარაა ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რჩება მცდელობები, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს ამოფარებულმა ანტიდემოკრატიულმა ძალებმა არჩევნების გვერდის ავლით თავი პრივილეგირებულ, ხალხზე მაღლა მდგომ ჯგუფად გამოაცხადოს.

„გუშინ, ჩვენი 200 ათასი თანამოქალაქე შეიკრიბა რუსთაველზე და ამით თავისი მტკიცე პოზიცია გამოხატა მშვიდობის, დამოუკიდებლობის, ეროვნული ღირებულებების და სუვერენიტეტის დაცვის, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. კიდევ ერთხელ დადასტურდა, ხელისუფლების მაღალი ლეგიტიმაცია. გუშინდელმა სახალხო შეკრებამ წერტილი დაუსვა რადიკალური ოპოზიციის გაყალბებულ მათემატიკას, საზოგადოების დაპირისპირების, მეტობის, ოდნავ ზევით დგომის მათემატიკას, რადგან გუშინ, რუსთაველზე მართლაც ზღვა ხალხი მოვიდა. მადლობა ჩვენს საზოგადოებას, თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს. თქვენს გარეშე რთული იქნება ამ რთულ პერიოდში ქვეყნის ინტერესების დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება და ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებითი პროგრესის მიღწევა. სამწუხაროდ, იყო და რჩება მცდელობები, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს ამოფარებულმა ანტიდემოკრატიულმა ძალებმა არჩევნების გვერდის ავლით თავი პრივილეგირებულ, ხალხზე მაღლა მდგომ ჯგუფად გამოაცხადოს; მონოპოლია ჰქონდეს ჭეშმარიტებაზე, საჯარო პოლიტიკის შეფასებასა და თავისუფალ აზრზე და ეს იმ პირობებში, როდესაც გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების წინააღმდეგ, მზად არიან, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყონ. ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. მთელ მსოფლიოში ახლა რთული გამოწვევებია, ამ გამოწვევების საპასუხოდ, ერთიანობა, ძლიერი სუვერენიტეტი და დემოკრატიული წესების პატივისცემა გვჭირდება. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, თავისი პოზიცია არჩევნებში გამოხატონ და პატივი სცენ არჩევნების შედეგებსაც. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“, საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა. ეკონომიკის გაზრდა და ევროინტეგრაციის გზაზე რეალური წარმატების მიღწევა, მზად ვართ, დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებით, მომავალზეც ავიღოთ პასუხისმგებლობა. დესტრუქციის ადგილი აღარაა ამ ქვეყანაში. ისე, როგორც არასდროს, ახლა ერთიანობის და ერთად დგომის დროა. უნდა დავიცვათ მამული, ენა სარწმუნოება, ერთად უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ