არჩილ თალაკვაძე: … მერე ვნახავთ, ვის ვისი ეშინია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა ოპოზიციის დეპუტატების განცხადებას, რომელიც ეხებოდა 2 მაისს პარლამენტში დანიშნული სხდომების გაუქმებას. როგორც თალაკვაძემ თქვა, სხდომები სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ განახლდება.
„უსაფრთხოების მაღალი დონის გამოცხადება გამოიწვია პარლამენტზე ძალადობრივმა შეტევამ და ეს არის ერთ-ერთი აშკარა მტკიცებულება და არგუმენტი იმისა, რომ გუშინ [1 მაისს] ნამდვილად იყო მცდელობა, რომ აქციები ძალადობრივ სცენარში გადაზრდილიყო.
რაც შეეხება პოლიტიკურ უმცირესობას და რადიკალურ ოპოზიციას, კარგია, რომ ნაძალადევი ხუმრობის ხასიათზე არიან. ეს, რა თქმა უნდა, არის იაფფასიანი სპეკულაცია. სხდომები განახლდება, როდესაც დღესასწაულები ჩაივლის და მერე ვნახავთ, ვის ვისი ეშინია“, – თქვა თალაკვაძემ.
პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 2 მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე თქვეს, რომ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია დღეს, 2 მაისს, 19:00 საათზე დაიწყება. ისინი გამოეხმაურნენ პარლამენტში დანიშნული სხდომების გაუქმების გადაწყვეტილებას.
„საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალეს საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა, ფაქტობრივად, გააუქმეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა. მანამდე, ათდღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს მთელ ქვეყანას“, – თქვა მ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ.
1 მაისს „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით განხილვასა და მიღებას, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობის გარშემო მოქალაქეთა მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა.
პარლამენტის შენობის გვერდით, ჩიტაძის ქუჩაზე, სპეცრაზმი რამდენიმე საათის განმავლობაში იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს. პოლიცია ასევე პარლამენტის ეზოდან ქუჩის მიმართულებით იყენებდა სპეციალურ საშუალებებს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა ბარიკადები ააგეს ხის და რკინის ჯებირებით, ასევე – ნაგვის ურნებით და ჩახერგეს პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი ჩიტაძის ქუჩიდან.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც ასევე სცადეს ჩაეხერგათ შენობის ჭიშკარი. სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ისევ გამოიყენა წყლის ჭავლი, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს.
ამის შემდეგ ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები მთლიანად საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა დაიკავეს. მათ დემონსტრანტებს შესთავაზეს, აქცია პარლამენტის წინ გაეგრძელებინათ, რათა შესაძლებელი გამხდარიყო გზის სავალი ნაწილის გახსნა.
რუსთაველზე აქციის დაშლა პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ პარლამენტის შენობის რკინის ჭიშკრების რყევა დაიწყო – 1 მაისს, 22:30 საათისთვის, სამართალდამცველებს უკვე გამოყენებული ჰქონდათ სპეციალური საპოლიციო საშუალებები.
თბილისში “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეს თვალი დაუზიანდა – “ტვ პირველის” კადრებში ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სახე თვალის გარშემო სრულად დასისხლიანებული აქვს. მას დაზიანება, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით მიაყენეს ჩიტაძის ქუჩაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება