არჩილ გორდულაძე – როგორიც იქნება თავიანთი პატრონების დავალება, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ისე მოიმოქმედებენ – ეს არის აგენტის ბედი, როგორც მონას შეეფერება, მონურად უნდა აღასრულოს დავალება

ალბათ, „ტოპ ტვინები“ გადაიწვა, სხვა შემთხვევაში უფრო მალე იქნებოდა გეგმა გაჟღერებული საზოგადოებისთვის, რომელზეც უკვე თვეების განმავლობაში საუბრობენ „ნაცაგენტურის“ წარმომადგენლები, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მიიღებს თუ არა ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დავალებას მიიღებენ „თავიანთი პატრონებისგან“.
„მოლოდინი გვაქვს ერთი, რომელშიც აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ „ნაცკლასტერში“ შემავალი აგენტურის წარმომადგენლები შეასრულებენ თავიანთი პატრონების დავალებას, ყოველ შემთხვევაში შეეცდებიან მაინც, როგორც ამას აკეთებდნენ წარსულში და ახლაც იმავეს აკეთებენ. ჯერჯერობით არ აქვთ განსაზღვრული მესიჯი, დავალება, თუ რა უნდა ქნან თვითმმართველობის არჩევნებში, მიიღონ თუ არა მონაწილეობა და სწორედ ამიტომაც არის, რომ ორივე მესიჯს აჟღერებენ. ნაწილი ამბობს, არ უნდა მივიღოთო, ნაწილი ამბობს, რომ აუცილებელია მონაწილეობის მიღება. საბოლოო ჯამში, როგორიც იქნება დავალება, ისე მოიმოქმედებენ. ეს არის ზუსტად აგენტის ბედი, როდესაც საკუთარ თავს არ ეკუთვნის და მისი ნათქვამი ან ქმედება დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ პატრონის დავალებაზე და როგორც მონას შეეფერება, მონურად უნდა აღასრულოს დავალება,“ – განაცხადა გორდულაძემ.