ოკუპირებულ ტერიტორიებთან კანონგარეშეა ყველანაირი ურთიერთობა, სადაც საქართველოს ხელისუფლება ჩართული არ არის – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი იურისდიქცია აღდგეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, “ოსი და აფხაზი ძმები და დები უნდა შემოვირიგოთ, გავერთიანდეთ, რისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანი კამპანია და არა ის მავნებლობა, რომელიც 2004 წლიდან მიზანმიმართულად აწარმოვა კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ”.
„ჩვენი ქვეყანა და სამშობლო – საქართველო ერთიანია. სამწუხაროდ, გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ოკუპირებულ ტერიტორიებთან კანონგარეშეა ყველანაირი ურთიერთობა, სადაც საქართველოს ხელისუფლება ჩართული არ არის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი იურისდიქცია აღდგეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენი ძმები და დები – ოსები და აფხაზები უნდა შემოვირიგოთ, გავერთიანდეთ, რისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანი კამპანია და არა ის მავნებლობა, რომელიც 2004 წლიდან მიზანმიმართულად აწარმოვა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“. ერთი მხრივ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი თხილამურებზე სრიალს რომ სწავლობდა პუტინთან შესახვედრად და შემდეგ ყველაფერს აკეთებდა მისი გულის მოსაგებად, ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისათვის, რომ რუსეთისთვის გადაეცა არაერთი სტრატეგიული ობიექტი. რაც მთავარია, მის მიერ განხორციელებული ქმედებები პირდაპირ ანგრევდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და მიგვიყვანა იქამდე, რასაც 2008 წლის ომი ჰქვია. ეს ის ბნელი წარსულია, რომელზეც “ქართულ ოცნებას” და ქართველ ხალხს უარი აქვს ნათქვამი. ერთადერთი პოლიტიკა, რომლითაც შეიძლება ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან დაახლოება და ერთ ქვეყანაში ცხოვრება – ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკა და მხოლოდ მშვიდობას შეუძლია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება”, – აღნიშნა გორდულაძემ.
ცნობისთვის, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დღეს, 30 წლის შემდეგ პირველად, პირდაპირი რეგულარული ფრენები განახლდება. რუსული მედიის ინფორმაციით, პირველ რეისს ავიაკომპანია UVT Aero „ვნუკოვო – სოხუმის“ მარშრუტზე შეასრულებს.
