არჩილ გამზარდია – ხელისუფლებას აყანყალებდნენ, მაგრამ ოპოზიციაა ყანყალის რეჟიმში, ამის ხარჯზე „ქართულ ოცნებას“ ექნება კარტ-ბლანში და ვიქნებით მოდერნიზებული ტოტალიტარიზმის რეჟიმში – რთულ ვითარებაში ვართ

ხელისუფლებას აყანყალებდნენ, მაგრამ სინამდვილეში ოპოზიციაა ყანყალის რეჟიმში, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა და პოლიტოლოგმა არჩილ გამზარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
არჩილ გამზარდიას თქმით, ოპოზიციონერების 90% „სახლშია წასასვლელი“, ხოლო თუ პროცესი ამ რეჟიმში არ გადავა, ხელისუფლებას ექნება სრული „კარტბლანში“ არსებული ოპოზიციის ხარჯზე და ვიქნებით მოდერნიზებული ტოტალიტარიზმის პირობებში.
„კრიზისი ან ანადგურებს რაღაცას, ან ახალს ქმნის. მე რომ მკითხოთ, ოპოზიციონერები უნდა მიხვდნენ, რომ მათი 90% სახლშია წასასვლელი, მემუარები წერონ. ჩვენთან პოლიტიკური პროცესი პოლიტიკის შინაარსისგან არის დაცლილი. პოლიტიკური შინაარსი არ აქვთ და როგორ უნდა მიიპყრონ ყურადღება? ეპატაჟი და სენსაცია უნდა გამოხატონ, პოლიტიკური სენსაცია და პოლიტიკური ეპატაჟი. ამ ფორმით თუ მოვა ვიღაც, ის, რა თქმა უნდა, მაშინვე გაშარჟდება, არანაირი შანსი არ ექნება. ხომ არიან ადამიანები, ვინც ამბობენ, გადავდექი, ოცი წელი ვმართე და წავედი. თუ ამ რეჟიმში გადავლენ, ეს თეორიულ პირობას შექმნის, თუ არ გადავლენ, მაშინ პრიმიტიულ მეტაფორას მოვიტან: ფილმ „ტიტანიკში“, ბოლოს რომ ყველა წყალში ცვივდება, პირველი წუთები სასწაული ხმაურია გაყინულ წყალში, მაგრამ იმ სასწაული ხმაურის შედეგი რამდენიმე წუთში არის მკვდარი სივრცის შექმნა. ამ რეჟიმში გადავა პროცესი, ხელისუფლებას ექნება სრული კარტბლანში ასეთი ოპოზიციის ხარჯზე და ვიქნებით მოდერნიზებული ტოტალიტარიზმის რეჟიმში თანამედროვე, ციფრული საბჭოთა კავშირის ფორმაციით.
პროტესტი გაგრძელდება და რა? ამ პროტესტზე იყო მთელი პოლიტიკური ცვლილება დაფუძნებული. პროტესტი საუკეთესო შემთხვევაშიც კი არ არის ერთი ელემენტი მთელი ნაგებობისა, ამ ერთ ელემენტზე დაფუძნება, უკვე თავის თავად არასწორი იყო. აქტივიზმი რაც გინდა ღირებული იყოს, პოლიტიკური გონიერების თვალსაზრისით და პოლიტიკური ფენომენის თვალსაზრისით არის პოლიტიკური შინაარსის ყველაზე პრიმიტიული ნაწილი. მე არ ვაფერმკრთალებ აქტივიზმის მნიშვნელობას, მაგრამ ეს არის ყველაზე დაბალი ნაწილი, ის არ მოიცავს პოლიტიკურ გონს, პოლიტიკურ ცნობიერებას და ა.შ.
უზარმაზარი ძალაუფლების შეცვლა უნდათ რეპუტაცია შელახულ ადამიანებს, არასწორი სტრატეგიის, არასწორი მეთოდოლოგიის მქონე პირებს, არც ისე ეფექტური პროტესტისა და აქტივიზმის ხარჯზე. მხოლოდ ერთი ელემენტისა და ერთი პოლიტიკური შინაარსის ყველაზე პრიმიტიული გამოვლინების ხარჯზე. ძალიან რთულ ვითარებაში ვართ“, – განაცხადა არჩილ გამზარდიამ.