“არჩევნები მხოლოდ ომის შემდეგ ჩატარდება” – უკრაინის პარლამენტი

ნოემბრის შუა რიცხვებში უკრაინის პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა შეთანხმდა, რომ ქვეყანაში მხოლოდ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ გაიმართება. შეთანხმების ნიშნად პარტიებმა ხელი მემორანდუმს მოაწერეს. ამის შესახებ “უკრაინსკაია პრავდა” რადაზე დაყრდნობით იუწყება.
შეხვედრა პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებს შორის “ჯან მონეს დიალოგის” ფორმატში გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნებშია ნათქვამი, დეპუტატები „შეთანხმდნენ, რომ მომავალი თავისუფალი და სამართლიანი ეროვნული არჩევნები (საპარლამენტო, საპრეზიდენტო) გაიმართება ომისა და საომარი მდგომარეობის დასრულებიდან, დამატებით საკმარისი დროის გასვლის შემდეგ, რაც არჩევნებისთვის მოსამზადებლად იქნება საჭირო (საომარი მდგომარეობის დასრულებიდან არანაკლებ 6 თვის შემდეგ).“
დოკუმენტს ხელს აწერენ: (ფრაქცია “ხალხის მსახური”), იულია ტიმოშენკო (“ბატკივშჩინა”), ირინა გერაშჩენკო ( ფრაქცია “ევროსოლიდარობა”), ალექსანდრა უსტინოვა “ხმა”) და სხვა საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლები.
არჩევნები მოქმედ საარჩევნო კოდექსზე დაყრდნობით წარიმართება. შენარჩუნდება ეროვნული და ადგილობრივი არჩევნების სისტემა, დაბრუნდება ნორმები, რაც უზრუნველყოფს კანდიდატებს შორის კონკურენციას ერთი პარტიის სიის შიგნითაც.
„დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალ საერთო ეროვნულ არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება უკრაინის დემოკრატიული პერსპექტივისთვის და ის უნდა ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
თუმცა, ჩვენ ასევე ვაღიარებთ, რომ ომისა და მისი შედეგების გამო, არჩევნების ჩატარება უნიკალურ გამოწვევებს მოიტანს და მათთან წარმატებით გამკლავება ფართო პოლიტიკურ კონსენსუსს მოითხოვს”, – ნათქვამია დოკუმენტებში.
მემორანდუმში ასევე მითითებულია, რომ დიალოგის მონაწილეები შეთანხმდნენ სპეციალური კანონის შემუშავებაზე, რომელიც დაარეგულირებს ომის შემდეგ პირველი არჩევნების ჩატარების სპეციფიკას.

ასევე დაგაინტერესებთ