“არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თურქეთი არ არის არც რუსეთი და არც ბელარუსი და რომ ამ ქვეყანაში არჩევნების გზით შესაძლებელია ხელშესახები ცვლილებების განხორციელება”

2024 წლის 31 მარტს თურქეთში გაიმართა ადგილობრივი არჩევნები, რომელშიც ოპოზიციურმა პარტია CHP-მ (სახალხო-რესპუბლიკური პარტია) მოიპოვა გაიმარჯვა.

რატომაა ეს არჩევნები მნიშვნელოვანი, რას ნიშნავს მისი შედეგები და რას შეიძლება ველოდოთ მომავალში?

 

არჩევნების შედეგების მნიშვნელობა

  • არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თურქეთი არ არის არც და არც ბელარუსი და რომ ამ ქვეყანაში არჩევნების გზით შესაძლებელია ხელშესახები ცვლილებების განხორციელება.
  • პირველად დამარცხდა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის AK Parti („სამართლიანობისა და აღორძინების პარტია“), მიიღო რა არჩევნებზე ხმების 35,5%, მაშინ როდესაც ოპოზიციურ CHP-ს ამომრჩეველთა 37,7%-მა დაუჭირა მხარი.
  • მემარცხენე-ცენტრისტული CHP 1977 წლის შემდეგ პირველად გავიდა პირველ ადგილზე თურქეთის არჩევნებზე, რითაც გადალახა ერთგვარი ფსიქოლოგიური ბარიერი და დაამსხვრია თურქეთში გავრცელებული მითი, რომ ამ პარტიას არ შესწევს გამარჯვების ძალა. პარტიას გამარჯვებაში ის ფაქტორიც დაეხმარა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ შეძლეს მეტად არაპოპულარული და უქარიზმო ლიდერის ქემალ ქილიჩდაროღლუს შეცვლა.
  • განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა სტამბოლის მოქმედი ოპოზიციონერი მერის ექრემ იმამოღლუს დამაჯერებელი გამარჯვება სახელისუფლებო კანდიდატ მურათ ქურუმზე (იმამოღლუმ მიიღო ხმების 51,1%, ქურუმმა კი – 39,6%), რომლის წინასაარჩევნო კამპანიაში ერდოღანი და მთელი მინისტრთა კაბინეტი იყო ჩართული. შედეგად, ერთგვარად იმამოღლუ-ერდოღანის დაპირისპირების სურათი შეიქმნა, საიდანაც გამარჯვებული იმამოღლუ გამოვიდა.
  • კიდევ უფრო უკეთესი შედეგი აჩვენა ოპოზიციამ ანკარაში, სადაც მოქმედმა ოპოზიციონერმა მერმა მანსურ იავაშმა ხმების 60,4% მიიღო.
  • საინტერესოა ის ფაქტიც, რომ CHP-მ, ტრადიციულად მის მხარეს მყოფი თურქეთის ზღვისპირა რეგიონების გარდა, წარმატება მოიპოვა შიდა ანატოლიის იმ გუბერნიებშიც, რომლებიც ადრე მმართველი პარტიის უპირობო ციხესიმაგრე იყო.
  • არჩევნებში სახელისუფლებო პარტიისა და მისი კანდიდატების წარუმატებლობის ძირითადი მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სირთულეები (თურქული ლირის გაუფასურება, მაღალი ინფლაცია და უმუშევრობა, მოქალაქეთა მსყიდველუნარიანობის შემცირება, დაბალი ხელფასები და პენსიები და ა.შ.) იყო. თურქმა ამომრჩეველმა ამ ფორმით გამოხატა საკუთარი უკმაყოფილება ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ.
  • არჩევნების მთავარი სიურპრიზი ისაა, რომ მესამე ადგილზე გავიდა აქამდე ჩრდილში მყოფი კონსერვატიული ორიენტაციის “Yeniden Refah”, რომელიც იდეოლოგიურად ახლოს დგას მმართველ პარტიასთან. მან სწორედ იმ კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლების ხმები მიიზიდა, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ მმართველი პარტიის პოლიტიკით (მაგრამ არა – იდეოლოგიით). მაგალითად, “Yeniden Refah”-მა მოახდინა პალესტინის მიმართ თურქი ამომრჩევლის განწყობების კაპიტალიზაცია, მოუწოდებდა რა მუდმივად თურქეთის ხელისუფლებას ისრაელთან არსებული სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტისკენ. თუ CHP-მ ძირითადად მოახერხა არაკონსერვატორი ამომრჩევლების ხმების მიღება, “Yeniden Refah”-მა შეძლო კონსერვატორების ხმების გახლეჩა, რის შედეგადაც მმართველი პარტიისთვის არასასურველი შედეგი დადგა.

ვრცლად

ცნობისათვის, რონდელის ფონდის მკვლევარის, ზურაბ ბატიაშვილის სტატია “რას ნიშნავს თურქეთის ადგილობრივი არჩევნების შედეგები?” გამოქვეყნდა რონდელის ფონდის ვებ-გვერდზე