უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, თუმცა ბრიუსელში ამაზე კამათი მაინც იქნება.
ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ორბანის თქმით, „არჩევნებში ლიბერალებს რომ გაემარჯვათ, ეს მთელს დასავლეთ ევროპაში საუკეთესო ფორმაში მყოფი დემოკრატია იქნებოდა, მაგრამ რაკი კონსერვატორულმა არსმა და სულისკვეთებამ გაიმარჯვა, ევროპაში კამათი არსებობს“. მისი თქმით, ასე იყო უნგრეთის არჩევნების შემდეგაც და საქართველოშიც ამას სერიოზულად არ უნდა შეხედონ.
„უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რანგში, რომელსაც ბევრი დავა მომიგია, მინდა გითხრათ, რომ მომავალშიც იქნება კამათი, მაგრამ ეს ისე უნდა მიიღოთ, როგორც აქამდე ხდება. არჩევნების შედეგები უდაოა. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ დავა და კამათი მაინც იქნება ევროპაში. თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, რადგან ეს ჩვეული ამბავია. მსგავსი სახის კამათი არსებობს, ბრიუსელში ყოველთვის ასეა. როდესაც თავისი არსით კონსერვატიული პარტიები იგებენ, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ასეთ კამათს, რადგან ევროპული პოლიტიკა სახელმძღვანელოზეა დაფუძნებული – თუ ლიბერალები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატიაა, თუ კონსერვატორები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არ ყოფილა. ასეთი კამათი ბრიუსელში ყოველთვის ხდება, უნგრეთში ჩატარდება არჩევნები თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ასე იქნება და ასე აღიქვამენ.
ვიქტორ ორბანი არის პირველი და ამასთან, ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.