„არჩევნებზე უნდა გავიდეთ უდიდესი მობილიზაციით, ერთი ევროპული დროშის ქვეშ, არ არის საჭირო დეპრესია, პესიმიზმი და დიდი არეულობა“- პრეზიდენტი

პრეზიდენტი საგანგებო მიმართვისას „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გამოეხმაურა. პრეზიდენტმა მას რუსული კანონი უწოდა.
როგორც მან აღნიშნა, ამ კანონპროექტის კვლავ ინიციირება საქართველოს შეურაცხყოფაა, რაზედაც ქართველი ხალხის პასუხი არჩევნებში სრული მობილიზაცია უნდა იყოს.
„ეს ყველაფერი არის საკუთარი ხალხის პირდაპირი გამოწვევა, ამავე დროს ცხადია, გამოწვევაა ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც ავანსად მოგვცეს ეს კანდიდატის სტატუსი. ისინი ელოდებიან გულწრფელ გამოხატულებას ჩვენგან იმის, რომ მივდივართ ევროპულ გზაზე და არსებობს ამ გზაზე სიარულის პოლიტიკური ნება.
გამოწვევა ემსახურება არეულობას, დესტაბილიზაციას და იმას, რომ ყველა მოინათლოს რადიკალად, უცხოეთის აგენტად, რაღაცა ომის პარტიის მომხრედ და ა.შ. ეს ძალიან ცნობილი ხერხებია. ზოგიერთ ჩვენგანს ეს უკვე გავლილი აქვს და არაფერი ახალი არ არის ცის ქვეშ. ამიტომ ჩვენი საზოგადოება არის ძალიან მომზადებული ამ ყველაფრისთვის. ვერავინ ვერ გადაახვევინებს მას თავისი გზიდან.
პასუხი ამ ყველაფერზე, ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ჰქვია რუსული კანონი და რუსული მიმართულება, არის მხოლოდ ერთი – არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა. არჩევნები მოდის ცოტა ხანში. ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის თუ რა არის რეალური ციფრები. მან ჩვენზე უკეთ იცის, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა და მიშას დაბრუნება, ეს ყველაფერი უკვე მითებია, რითაც უნდათ, რომ შეაშინონ საზოგადოება. რეალობა არის ის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის რა უნდა, და უნდა ამ ქვეყნისთვის ევროპული მომავალი.
ჩვენ არჩევნებზე უნდა გავიდეთ უდიდესი მობილიზაციით. არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა არ გვჭირდება. აქ საჭიროა მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ. რამდენიმე პარტიით, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ. ეს არის ევროპული დროშა, ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელზედაც ვმუშაობთ და შევთანხმდებით. ეს ნიშნავს ეროვნულ თანხმობას, საზოგადოების გაერთიანებას. ამ დროშას მე დავიჭერ ბოლომდე და ვიქნები თქვენთან ერთად“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.