საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, მერაბ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ არქიტექტურულ დარგში სტანდარტების დანერგვა ზოგად ხასიათს უნდა ატარებდეს და დასახლების ინდივიდუალურ მახასიათებლებს უნდა ეფუძნებოდეს.
თბილისის გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორის შეფასებით, სტანდარტების შემუშავებისას მხოლოდ საერთო მიდგომები უნდა განისაზღვროს, როგორიცაა ფერთა პალიტრა, ღობეების სიმაღლე და ფასადების ზოგადი იერსახე.
“ეს ესთეტიკური მახასიათებლები უნდა იყოს, ზოგადი ხასიათი უნდა ჰქონდეს, რადგან კონკრეტულად დასახლებული პუნქტების მახასიათებლები პროექტებმა უნდა დაადგინოს. როდესაც დასახლების – ქალაქის, რომელიმე სოფლის, ან დაბის პროექტი კეთდება ამ ყველაფერს 2-3 წელი სჭირდება, სადაც ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, ქალაქ მშენებლები ერთად მუშაობენ და ადგენენ, რა როგორ უნდა გაკეთდეს. პრემიერის ინიციატივა ზოგად მახასიათებლებზე უნდა იყოს გათვლილი, მაგალითად, პასტელური, თუ უფრო ჩამქრალი ფერებია უკეთესი, ასევე შეიძლება, შემუშავდეს იდეა ღობეების სიმაღლესთან, ფასადების ზოგად მიდგომებთან დაკავშირებით, მსგავსი კონცეფცია რამდენიმე უცხოურ ქვეყანას აქვს და შეიძლება, ჩვენთანაც გადმოვიტანოთ”, – აცხადებს მერაბ ბოლქვაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე 8 სექტემბერს განაცხადა, რომ შენობების ფასადების, ღობეების გადახურვის იერსახესთან დაკავშირებით კონკრეტული სტანდარტები დამტკიცდება.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როდესაც ახალი ნებართვა გაიცემა, ახალი შენობის აშენების, ან რეაბილიტაციის კუთხით, ყველა შესაბამისი ნებართვა სტანდარტებს დაექვემდებარება.
“დღეს თუ გადავხედავთ ჩვენს დასახლებებს, ზოგადად ლანდშაფტი არის ძალიან ლამაზი, თუმცა ხშირად შენობები ხელს არ უწყობს ესთეტიკური თვალსაზრისით იერსახის გალამაზებას, ამიტომ გვჭირდება კონკრეტული სტანდარტების დადგენა, რათა გაუმჯობესდეს არქიტექტურული გემოვნება, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად ჩვენ გვინდა მომავალში მივიღოთ უფრო მოწესრიგებული შენობა-ნაგებობები. ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს ჩარევა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც. აქედან გამომდინარე, ვთხოვე ეკონომიკის სამინისტროს დასახლებების ვიზუალური, ესთეტიკური და სხვა მახასიათებლების საერთო პრინციპებით რეგულირება, შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პრაქტიკულად უკვე დასრულების პროცესშია ეს სამუშაო და ძალიან მალე ეს სტანდარტები იქნება დადგენილი. როცა გაიცემა ახალი ნებართვა, ახალი შენობის აშენების კუთხით, ან რეაბილიტაციის კუთხით, ყველა შესაბამისი ნებართვა დაექვემდებარება სწორედ ამ სტანდარტებს და ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად წლიდან წლამდე, გაუმჯობესდება ჩვენი დასახლებების იერსახე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
