არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მიმართვა საეპარქიო კომისიას

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მიმართვა საეპარქიო კომისიას: 
„აქვე გაცნობებთ, რომ საეპარქიო კომისიის შემდეგი კრება, რომელზეც დაბარებული ხართ, გაიმართება 2025 წლის 29 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 14:00-ზე” (დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი).
ამა წლის 16 ოქტომბერს, 14:00-ზე დაბარებული ვიყავი საეპარქიო კომისიაზე, სადაც არ გამოვცხადდი იმ მიზეზით, რომ ვითხოვდი ჩემი ბრალდების გაცნობას. მაშინ ამაზე დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მიპასუხა, რომ პირობებს ნუ გვიყენებო, და კომისიამ წერილობით გამომიცხადა მკაცრი გაფრთხილება საპატიო მიზეზის არქონის გამო, რაც იყო ჩემი უფლებების დარღვევა. ახლანდელ დაბარებაზე ნაწილობრივ გაითვალისწინეს ჩემი მოთხოვნა და გამომიგზავნეს ჩემი სატელევიზიო გამოსვლებიდან ამოკრებილი ციტატების ნაწილი, მეორე ნაწილი კი რისგან შედგება, არ ვიცი (ამიტომაც მეორე ნაწილს პასუხს ვერ გავცემ ვერც წერილობით, ვერც კომისიაზე). მე ვუპასუხე დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს, რომ მე მჭირდება იმის განმარტება, თუ რას იწუნებენ და რა არის ჩემი შეცდომა, მაგრამ პასუხი ისევ არ არის.
მაგალითად მოვიყვან ჩემს ერთ გამონათქვამს, რომელიც გამომიგზავნეს: „ეს არის ქვეყნის უბედურება. ქვეყანა იყიდება და არც მასწავლებელს ეპატიება და არც მღვდელს ეპატიება ამ დროს დუმილი. გაახილონ თვალები, ნუ დახუჭავენ თვალებს და ყურებიდან ამოიღონ ის, რითაც დაცობილი აქვთ, და მოისმინონ და შეხედონ, რომ ქვეყანა იყიდება, ქვეყანა გაიყიდა… დაშინებული მღვდელი და დაშინებული მასწავლებელი არის კატასტროფა”.
მე ვერ ვხვდები, ამ ნათქვამში ეკლესიის მესვეურებისთვის რა უნდა იყოს პრობლემა. ალბათ, მათ არ სჯერათ, რომ ქვეყანა იყიდება და ერი კატასტროფულ მდგომარეობაშია. ალბათ, მათ არ სჯერათ, რომ სახელმწიფომ კურსი შეიცვალა და ჩვენი სამშობლოს ყველა მეგობარი ქვეყანა ჩამოიცილა. ან არ სჯერათ, ან ეთანხმებიან სახელმწიფოს ამჟამინდელ კურსს. ვინც ქვეყნის დაღუპვაზე, ჩვენი ქვეყნის კურსის შეცვლაზე ხმას არ იღებს, ის ჩვენი ქვეყნის წარსულის, აწმყოს და მომავლის მტერია.
ჩემი ყველა სატელევიზიო ციტატა, რომლებიც არ მოსწონს ეკლესიის მმართველ ადმინისტრაციულ ძალას, არის ტელეკომპანიების „ფორმულას” და „TV პირველის” გადაცემებიდან, ამიტომ, როგორც მე, ისე ის ჟურნალისტები, რომლებთანაც მე გამოვდიოდი, დადანაშაულებულნი ვართ, როგორც ჩანს, ეკლესიის მტრობაში. ეს ტელეწამყვანები, რომელთა გადაცემებში ვიყავი მიწვეული, არიან: ტელეკომპანია „ფორმულადან” გიორგი თარგამაძე, ვახტანგ სანაია, გურამ როგავა, ნინო ჟიჟილაშვილი, სოფო ზურაბიანი, „TV პირველიდან” ინგა გრიგოლია, , თეა ადეიშვილი, ანი წერეთელი.
ვფიქრობ, რომ ჩემთან ერთად ირიბად ამ ჟურნალისტებსაც ბრალს სდებენ ეკლესიის შეურაცხყოფაში, და ვფიქრობ, ამ ჟურნალისტებსაც უნდა მიეცეთ პასუხის გაცემის უფლება საეპარქიო კომისიაზე, რადგან დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძისგან პირდაპირი თავდასხმის ობიექტები არიან.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ შეიძლება იყოს ამ კომისიის წევრი, რადგან ის ტელეკომპანია „იმედის” ეთერში ამბობს: „მინდა მოვუწოდო მამა დოროთეს, ტვ პირველს, ფორმულას, ნუ ძალადობთ. თუ ვინმეს უნდა პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა, ძალიან ცუდი, მაგრამ, თუ მაინც გინდათ, უჩვენოდ გააკეთეთ”.
ამ კომისიაზე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე უნდა იყოს დაბარებული, როგორც ბრალმდებელი, და მან უნდა დაამტკიცოს, სად და როდის ვიძალადეთ მე და ტელევიზიებმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უნდა დაისაჯოს იმ სასჯელით, რაც ეკუთვნის ათი მცნებიდან ერთ-ერთის დამრღვევს – ცილისმწამებელს. ამიტომაც კომისია ვალდებულია, რომ ეს ტელეკომპანიები დაუშვან კომისიაზე და მისცენ პასუხის გაცემის უფლება.
მართალია, კორონავირუსის დროს ყველა ტაძარი ღია იყო მორწმუნე საზოგადოებისთვის, მაგრამ საპატრიარქო ჩაკეტილი იყო ყველასთვის და იქ ვერავინ მოხვდებოდა კოვიდ-ტესტის აღების გარეშე. როდესაც მე ვითხოვე პატრიარქის მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან შეხვედრა, მომთხოვეს კოვიდ-ტესტის გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ ვიყავი აცრილი, წინა დღეს მივედი საპატრიარქოს ჭიშკართან არსებულ მედპუნქტში, სადაც გავიკეთე ტესტი. მეორე დღეს მომივიდა უარყოფითი პასუხი და მხოლოდ ამის შემდეგ მიმიღო მეუფე შიომ. ღვთის წყალობით დღეს უკვე პანდემია აღარ არის, ამიტომ საპატრიარქოს კარი ღია უნდა იყოს ამ და სხვა ტელეკომპანიების და ხალხისთვის.
შემდეგი ციტატა, რომელიც გამომიგზავნეს, არის ჩემი ნათქვამი, რომ ეკლესია გახდა სახელმწიფოს დანამატი. ამაში ვგულისხმობდი დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის და მისი გუნდის მოქმედებებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და მასთან დაკავშირებული სასულიერო პირები მთავრობასთან ერთად და მთავრობის მსგავსად დადიან ერთსა და იმავე ტელეკომპანიებში და ბლოკავენ იმავე ტელეკომპანიებს, რომლებსაც მთავრობა ბლოკავს. როგორც მთავრობა ბლოკავს „TV პირველსა” და „ფორმულას”, მსგავსადვე იქცევა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რაც ყოვლად დაუშვებელია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, ნათლად ჩანს, რომ ერი გაყო მორწმუნე საზოგადოებად და ურწმუნო საზოგადოებად. მორწმუნე საზოგადოებად თვლის სამთავრობო, პროპაგანდისტულ ტელევიზიებს: „იმედს”, „პოსTV-სა” და სხვებს, ხოლო ეკლესიის მტრებად აცხადებს მთავრობისგან დამოუკიდებელ ყველა ტელევიზიას. ეკლესიაში მყოფ მცირე ჯგუფს არავითარი უფლება არ გააჩნია, რომ მორწმუნე ხალხი გაყოს.
ვინაიდან და რადგანაც ჩემთვის გამოგზავნილი ყველა ციტატა არის სატელევიზიო, საჯარო, გამოსვლებიდან, საეპარქიო კრებაც უნდა იყოს საჯარო და ღია, რომელზეც დაშვებული უნდა იყვნენ ზემოთ ხსენებული ტელეკომპანიები და ჟურნალისტები. საეპარქიო კომისიაზე დაბარებული ვარ ამა წლის 29 ოქტომბერს, ოთხშაბათს, დღის 2 საათზე. მე აუცილებლად გამოვცხადდები და ვთხოვ ზემოთ ხსენებულ ტელეკომპანიებსა და ჟურნალისტებს, შეძლებისდაგვარად მობრძანდნენ, რათა საპატრიარქოს კარი გაიხსნას ერისთვის.
პატივისცემით
არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)