არქიმანდრიტმა დიმიტრი ყურაშვილმა ქადაგებისას თქვა:
„ერთმა ჟურნალისტმა პოლიციელს სახეში ხელი გაარტყა. ეს ჟურნალისტი დაიჭირეს, დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ. ამბობენ, რომ მან დაარღვია [კანონი], პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენაო.
მაგრამ ასევე ვიცით რომ არიან ჟურნალისტები, რომლებსაც ფეხებით დაადგენენ… 5-7 კაცი ურტყამდა, დავარდნილს ქუსლებით სცემდნენ. კითხვა დავსვათ, რომელია უფრო დამნაშავე? თუ ეს დამნაშავეა, იმიტომ რომ ამ პოლიციელს ლოყა აუწითლდა და ტკივილი იგრძნო, რამდენად უფრო დამნაშავეა ის ხალხი, რომლებიც ქუჩაში უმოწყალოდ სცემდნენ [ჟურნალისტებს]. ისინი გადარჩნენ ღვთის ნებით და შეწევნით, თორემ მათი ხელიდან მკვდარი იყო. მე მაინტერესებს, სად არიან ისინი – ამას ციხე ეკუთვნის და იმათ თავისუფლება? სად არიან ისინი, რატომ არ არიან დაჭერილები.
ასეთი უსამართლობები რომ ხდება და ამაზე თვალს ხუჭავთ, თვალდახუჭული დარჩებით მთელი ცხოვრება.
თვალი არ უნდა დაგეხუჭოს, ანუ გონება უნდა ხედავდეს, სად არის სამართალი, რომელია მართალი. შენ რომ დაეცე, უნდა ხედავდე, რომ დაცემული ხარ.
დღეს რომ ასეთი უსამართლობა ხდება იმათგან, ვინც სამართლის დამცველები არიან, ამას უნდა ხედავდეთ და არამხოლოდ ხედავდეთ, არამედ უნდა ამბობდეთ, რომ ეს არის უსამართლობა.
ბევრი ხედავს და ამბობს. ამიტომ ვამბობ მე რომ ის ადამიანები, ვინც ამას აპროტესტებენ, მართლები არიან. ხოლო ვინც დუმს, მასთან არ მოვა ჭეშმარიტება. როცა შენ მოგადგება ბოროტება, ვერ დაინახავ, რომ ის ბოროტებაა იმიტომ რომ ერთხელ მიიღე”.