„არსებობს მთელი რიგი საწარმოები, სადაც გზა უამინდობაში მიუვალი ხდება“ – ინფრასტრუქტურული პრობლემები ყველის სექტორის განვითარებას ხელს უშლის

რძის ხარისხისა, ფასისა და რაოდენობის პრობლემების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი რომელიც ყველის გზის შესწავლის პროცესში გამოიკვეთა არის ინფრასტრუქტურა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან ხელშეწყობის პრობლემები. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში რძის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა კახა კონიაშვილმა ისაუბრა
„მეწარმეებს ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევთ ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო. ჭირს რძის მიტანა საწარმოში, შემდეგ ყველის გამოტანა საწარმოდან. არსებობს მთელი რიგი საწარმოები, რომელშიც უამინდობის პერიოდში მისვლა და წამოსვლა შეუძლებელია, ისეთი მიუვალი გზა ხდება. მეორე პრობლემაა გაზი, წყალი, ელექტროენერგია, რომელიც განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში ძალიან ჭირს და ამასაც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა უნდა მიაქციონ ყურადღება, რადგან მათ შეუძლიათ ისეთი ტურისტული მიზიდულობის კერები შექმნან, რომელიც წაადგება როგორც მათ მხარეს, ასევე მთელ ქვეყანას. ესაა დამატებითი შემოსავლის წყარო, ირიბი ექსპორტის შესაძლებლობა. დამერწმუნეთ ღვინოსა და სხვა საექსპორტო პროდუქციასთან შედარებით არათუ თანაწონადი, შეიძლება მეტიც იყოს, “- განაცხადა კახა კონიაშვილმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პრობლემების მოგვარება დამოკიდებულია პიროვნებებზე და არა სისტემაზე. როგორც კახა კონიაშვილმა აღნიშნა, სექტორში კოორდინაციისთვის შესაძლებელია რომ ყველთან დაკავშირებით შეიქმნას ღვინის სააგენტოს მსგავსი ორგანიზაცია.