არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ

2024 წლის 1 იანვარს ფორმალურად შეწყვიტა არსებობა მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ – რომლის დაარსებაც 30 წელზე მეტი დროის წინ გამოაცხადეს ეთნიკურმა სომხებმა, აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის ყოფილი საბჭოთა ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, და რომელიც არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდა აღიარებული.
ამის შესახებ ბრძანებას ხელი სექტემბერში მოაწერა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უკანასკნელმა პრეზიდენტმა, სამველ შაჰრამანიანმა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა საომარი ოპერაციის შედეგად კონტროლი დაამყარა რეგიონის მთელ ტერიტორიაზე.
ბრძანება მოიცავს მითითებებს “ყველა სახელმწიფო უწყებისა და ორგანიზაციის” დაშლაზე. “მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა (არცახი) წყვეტს არსებობას” – ნათქვამია ტექსტში.
საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიად მიჩნეული მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილი 30 წელიწადზე მეტი დროით იყო თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის კონტროლის ქვეშ. ტერიტორიის ნაწილზე ბაქომ კონტროლი დაიბრუნა 2020 წელს წარმოებული ომის შედეგად. 2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა დაიწყო ახალი შეტევა და უკვე მეორე დღეს სომხურმა ფორმირებებმა ფაქტობრივად კაპიტულაცია გამოაცხადეს. რეგიონის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი – 100 ათას ადამიანზე მეტი – გაემგზავრა სომხეთში, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების შიშით. აზერბაიჯანმა კონტროლი დაამყარა მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე.
ამასთან, რეგიონში კვლავინდებურად განთავსებულია ს სამხედრო დანაყოფები. სამშვიდობო სტატუსით კონტინგენტის განთავსებაზე ხელშეკრულებას სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის ლიდერებმა 2020 წლის შემოდგომაზე მოაწერეს ხელი. შარშან სექტემბერში, აზერბაიჯანის შეტევის დაწყების შემდეგ რუსეთის სამხედროები საომარ მოქმედებებში არ ერეოდნენ, თუმცა ვრცელდებოდა ცნობები რომ ისინი მოსურნე მოსახლეობას ხელს უწყობდნენ სომხეთში გამგზავრებაში. მოსკოვში აცხადებენ, რომ სომხეთმა თავად აღიარა ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად, და, ამდენად, მისი სამხედროთა პასიურობის შესახებ რუსეთთან პრეტენზიები უადგილოა.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელების უმეტესობა – მათ შორის სამი ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, მილიარდერი და რუსეთის ყოფილი მოქალაქე, რუბენ ვარნი – აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა და კვლავ ციხეში იმყოფებიან. ამ პირთა სასამართლო სხდომები ჯერ არ გამართულა.