საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელს, ევროპის საბჭოს პოლიტიკური სწავლების სკოლების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.
– ბატონო არმაზ, ბი-ბი-სის ფილმს, რომელიც შარშან თბილისში ქუჩის აქციების მიმდინარეობისას ხელისუფლების მიერ ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენებას უკავშირდება, ჩვენს საშინაო პოლიტიკაში დიდი ხმაური მოჰყვა. ეს ფილმიც ვნახე, ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებიც მოვისმინე, მათ შორის ხელისუფლების განცხადებები და მტიცებები.
ვითარებაში, როცა ქვეყანას უმწვავესი დემოგრაფიული პრობლემა აქვს, მიჭირს დაჯერება, რომ ხელისუფლებას შეეძლო საკუთარი მოსახლეობის, მის მიმართ თუნდაც ოპოზიციურად გამწყობილი პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური, მომწამვლელი ნივთიერება გამოეყენებინა.
ქვეყანაში მეტი გამჭირვალობა და დემოკრატია რომ იყოს, ალბათ, ხელისუფლებას ექნებოდა ვალდებულება, ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ მომიტინგეთა დასაშლელად რა გამოიყენა, გაევრცელებინა ინფორმაცია.
ახლა კი ვისმენთ ბრალდებებს ხელისუფლების წინააღმდეგ. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ თემაზე ბი-ბი-სისმომზადებულ ფილმს? რამდენად დამაჯერებელი იყო თქვენთვის ფილმში მოყვანილი მტკიცებები?
– ამ ამბავმა უნდა დაგვაფიქროს მთავარზე: რა დღეშია ახლა საქართველო?! ქვეყანას მართავს რეჟიმი, რომელიც არაა არჩეული დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებით, ძალა, რომელიც ანადგურებს ოპონენტებს და ევროპულ გზას, დაჯგუფება, რომელმაც სრულად დაიქვემდებარა სასამართლო და კორუფციას გაუგონარი მასშტაბები შესძინა.
ბი-ბი-სის ფილმი რეჟიმის დიდი მხილებაა, მისი სისასტიკისა და დაუნდობლობის დემონსტრირებაა. ტრაგედია ისაა, რომ არავის აქვს ობიექტური გამოძიების იმედი, არავინ აპირებს პასუხისმგებლობის აღებას არც ხალხის სამართლიანი პროტესტის გამომწვევი მიზეზის და არც პროტესტის მრავალჯერ სასტიკად დარბევის გამო
ევროპული პერსპექტივის დასამარებით, მმართველობის აშკარად პუტინისტური მეთოდებითა და რეპრესიების უმწვავესი ფორმებით შეძრწუნებულ მოქალაქეებს ახლა უკიდურესად შეეზღუდათ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვაც კი.
ამ ფონზე ბი-ბი-სის ფილმი რეჟიმის დიდი მხილებაა, მისი სისასტიკისა და დაუნდობლობის დემონსტრირებაა. ტრაგედია ისაა, რომ არავის აქვს ობიექტური გამოძიების იმედი, არავინ აპირებს პასუხისმგებლობის აღებას არც ხალხის სამართლიანი პროტესტის გამომწვევი მიზეზის და არც პროტესტის მრავალჯერ სასტიკად დარბევის გამო.
– ამ თემაზე ხელისუფლების პირველი რეაქცია ასეთი იყო – ბინძური პროვოკაცია“.
შემდეგ რაც მოვისმინეთ, იყო ბი-ბისის კრიტიკა. ამას დაეწია ექსმინისტრ ვახტანგ გომელაურის მტკიცება, რომ იმ ტიპის ქიმიური ნივთიერებები 2009 წელს წინა ხელისუფლების შემოტანილი იყო. როგორც ექსმინისტრმა გომელაურმაა თქვა, „ნაცებმა“
იმდენი თხარეს, თავის საწინააღმდეგო გამოთხარესო“. ამას წინ უძღვოდა ხელისუფლების განცხადებები, რომ საქართველოს ხელისუფლება ბი-ბი-სის უჩივლებდა. არადა, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას უნდა გაეცა პასუხი კითხვებზე – ვინ გამოიყენა ეს ნივთიერება მომიტინგეების წინააღმდეგ, რომელმა ხელისუფლებამ? რამდენად კანონიერი იყო მისი გამოყენება?
– ამ კითხვებზე პასუხის დასადგენად აუცილებელია დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიება. „ქართული ოცნების“ რეჟიმი სახელგატეხილია და მის მიერ ჩატარებულ გამოძიებას ვერ ენდობა ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა, ვერც საქართველოს რომელიმე პარტნიორი დასავლეთში.
ნორმალურ ვითარებაში ასეთი რამ ვერ მოხდებოდა და თუ ვინმე ამას მაინც გაბედავდა, მთავრობას მოუწევდა გადადგომა და დაიწყებოდა სრულფასოვანი, მიუკერძოებელი გამოძიება სისხლის სამართლის დამნაშავეთა გამოსავლენად.
საქმე ისაა, რომ იმ უცხოურ სასამართლოში, სადაც „ქართული ოცნება“ აპირებს, უჩივლოს ბი-ბი-სის, საქმე მიუკერძოებლად გაირჩევა და გადაწყდება, „ქართული ოცნების“ მიერ მოგუდული და პარტიულ ინტერესებს დაქვემდებარებული ქართული სასამართლოსგან განსხვავებით.
„ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა.
– თუ სუს-ის განცხადებით ვიმსჯელებთ ამ თემაზე, ერთი მხრივ, დაწყებულია გამოძიება. მეორე მხრივ, ხელისუფლება ბი-ბი-სისაგან მტკიცებულებების მისთვის გადაცემას მოითხოვს.
ძალოვანი უწყებები დახურული ორგანიზაციები კია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, უნდა ჰქონდეთ ნუსხა იმ თუნდაც საშუალებების, რასაც ქვეყანა
იძენს და მასიური პროტესტების დასაშლელად იყენებს. წესით გამოძიებას არ უნდა გაუჭირდეს იმის დადგენა, ვინ გასცა განკარგულება ფილმში დასახელებული მომწამვლელი ნივთიერებების გამოსაყენებლად და რომელმა ქვედანაყოფმა გამოიყენა.
ხელისუფლების განცხადებებში საუბარია იმათზე, რომ ვინც „სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ ითანამშრომლა უცხოეთის ორგანიზაციასთან,“ და “დაეხმარნენ მათ მტრულ საქმიანობაში“. აშკარად იგულისხმებიან ის რესპოდენტები ვინც ამ თემაზე ბი-ბი-სისთან ითანამშრომლა. ამ თემაზე გამოძიება, თუნდაც საერთაშორისო ექსპეტების მონაწილეობით რომც შედგეს, ნაკლებადაა იმის ალბათობა დადგინდეს სიმართლე.
გაქვთ განცდა, რომ გამოძიება უმოკლეს ვადებში დასულდება? რას უნდა ნიშნავდეს იმათკენ ხელის გაშვერა, ვინც ბი-ბი-სისთან ითანამშრომლა?
რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ბრიტანულ ბი-ბი-სისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის დაწყებული პრეტენზიებისა და ბრალდებების წაყენება?
– ივანიშვილ-კობახიძის დაჯგუფება ყველგან და ყველაფერში მტრის ხელს და მის ადგილობრივ აგენტურას ხედავს. აშკარაა, ამ საქმეს „ქართული ოცნების“ რუსული პროპაგანდა გამოიყენებს ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული ხაზის განსამტკიცებლად და ეცდება იმათ დასჯას, ვინც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბი-ბი-სის ამ ფილმს.
არ გამოვრიცხავ, სწორედ ეს გახდეს მიზეზი კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრებისა და რეპრესიების ახალი ტალღის წამოსაწყებად. რეჟიმი არ ცნობს საერთაშორისო გამოძიებას, თუმცა მისი ჩატარება აუცილებელია, რომ დადგინდეს სიმართლე და ქვეყანამ იცოდეს, ჩაიდინა თუ არა ისედაც სისასტიკით ცნობილმა რეჟიმმა ეს უპატიებელი დანაშაული.
ივანიშვილ-კობახიძის დაჯგუფება ყველგან და ყველაფერში მტრის ხელს და მის ადგილობრივ აგენტურას ხედავს. აშკარაა, ამ საქმეს „ქართული ოცნების“ რუსული პროპაგანდა გამოიყენებს ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული ხაზის განსამტკიცებლად და ეცდება იმათ დასჯას, ვინც პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბი-ბი-სის ამ ფილმს
ახლა პასუხისმგებლიანი საზოგადოების, პოლიტიკოსებისა და ყველა დამოუკიდებელი მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ვალდებულებაა, მოითხოვოს სათანადო საერთაშორისო გამოძიება და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ფილმში მოცემული ვერსია, დღის წესრიგში დადგეს ამ ვაი მთავრობის გადადგომის საკითხი. რეჟიმი უნდა გადაყვეს ამ ამბავს, თუ მისი ბრალეულობა დადასტურდა.
თუმცა ამ რეჟიმის გადადგომისთვის საკმარისზე მეტი სხვა მიზეზიცაა: კონსტისტუციის ნორმების უხეში დარღვევა, ძალაუფლების მიტაცება, არჩევნების არსის ფეხქვეშ გათელვა, წარმოუდგენელი სოციალური უსამართლობა და სხვა.
– გასული კვირის ბოლოს შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია რომ პარტია „მოქალაქის“ თავმჯდომარეს და იმავდროულად „ლელოს“ ერთ ერთ ლიდერს ალეკო
ელისაშვილს ჰქონდა მცდელობა ცეცხლი გაეჩინა სასამართლოს შენობის ადმიბისტრაციული შენობისათვის. მოგვიანებით, ამ ქმედების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა სუს-მა.
მოვისმინეთ სასამართლოზე თავად ალექსანდრე ელისაშვილის განცხადება, შემდეგ მისი ადვოკატის განმარტებები. ასევე აზრები და მტიცებები, დაწყებული იმით, რომ „ეს იყო ერთი პიროვნების თავგანწირული ბრძოლა“, ასევე ეჭვები და კონსპირაციული თეორიები იმაზე, რომ „ყველაფერი წინასწარ დადგმულ სპექტაქკლს ჰგავდა“.
„ლელომ“ რომლის წევრიც ალეკო ელისაშვილი იყო, ერთი მხრივ გაემიჯნა ელისაშვილის არასამართლებრივ და კანონის მიღმა გასულ ქმედებებს, მეორე მხრივ მიუთითა იმაზე, რომ მმართველმა გუნდმა ქვეყანაში მმართველობის ავტოკრატიული სისტემა შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ელისაშვილის საქმეზე ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები საკმაზე მეტიც კი მოვისმინეთ, თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?
– ეს საქმე სავსეა ბუნდოვანებით. ელისაშვილის მონათხრობი, მომხდარის დეტალები და წარდგენილი ბრალი არაერთ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს. აქაც არავის გვაქვს გამოძიებისა და სასამართლოს ობიექტურობის იმედი.
ის კი ცხადია, რომ ქვეყანაში გამეფებული დაუსჯელობისა და აღვირახსნილი უკანონობის ფონზე რეჟიმი ამ ფაქტს სათავისოდ გამოიყენებს და შესაძლოა ოპონენტების დასასჯელად და დასაშინებლად კანონმდებლობაში რუსეთის მსგავსად უკიდურესად გაამკაცროს ექსტრემიზმის მუხლის სათავისოდ გამოყენების შესაძლებლობა.
ელისაშვილის მონათხრობი, მომხდარის დეტალები და წარდგენილი ბრალი არაერთ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს. აქაც არავის გვაქვს გამოძიებისა და სასამართლოს ობიექტურობის იმედი
– ელისაშვილის საქმეზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა საკმაოზე მეტი განცხადებებიც კი აკეთეს. მაგრამ, თუ მათ განცხადებებს რეტროსპექტიულად გადავხედავთ, ცხადადაც კი ჩანს, რომ ელისაშვილის მოქმედებაში მმართველი გუნდი
დასავლეთს, საქართველოში მათ „აგენტებსა“ და „უსამშობლოებს“ ადანაშაულებს, რომლებიც დიფ სტეითან, „გლობალური ომის პარტიასთან“ აქტიურად თანამშრომლობენ.
დასავლეთს იმიტომ რომ დღემდე არ დაუგმია 4 ოქტობერს პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა. ელისაშვილის საქმეზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებს როგორ შეაფასებდით?
რას შეიძლება ნიშნავდეს მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რაც დასაველეთს უკავშირდება?
– სიმართლეს ჯერ ვერ გავიგებთ, თუმცა დასავლეთზე მორიგი უტიფარი შეტევის ტალღას უკვე ვხედავთ და ის კიდევ უფრო გაძლიერდება.
– „ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად მსჯელობენ იმაზე, რომ ყველაფერს აკეთებენ რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის ასოცირებულმა ქვეყანა, სწრაფად გახდეს ევროკავშირის წევრი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა გვითხრა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი კი აქვს, მაგრამ დღეისთვის ეს მხოლოდ „ფარატინა ქაღალდია“.
თუ აქამდე საქართველოზე მმართველი გუნდი ევროპარლამენტის განცხადებებს, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციებს უწოდებდა „ფარატინა ქაღალდს“, ახლა ევროსტრუქტურები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლება რატომღაც ევროპულ დემოკრატიას ეძახის, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გვეუბნება – საქართველო ევროკავშირთან მიმართებაში თავადაა „ფარატინა ქაღალდი.“
თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თვლის რომ ევროპა საშინელებაა, ევროპაში საქართველო ვერ შეინარჩუნებს თავის იდენტობასა და ტრადიციებს, მაშინ რატომღა ამბობს, რომ საქართველოს მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაა?
– ეს რეჟიმი არსით ანტიევროპულია. მისი მმართველობის სტილი და ევროპის კავშირის ნორმები ურთიერთგამომრიცხავია.
ძალაუფლების შესანარჩუნებლად ივანიშვილ-კობახიძის დაჯგუფება გააასმაგებს ანტიდასავლურ რიტორიკას და ქმედებებს, კიდევ უფრო გაამკაცრებს კანონმდებლობას, დახვეწს რეპრესიულ მანქანას და შეუძლებელს გახდის პროტესტ.
თუ პასუხისმგებლიანმა საზოგადოებამ დროულად არ შექმნა რეჟიმის რეალური ალტერნატივა, სივრცე, რომელშიც გაერთიანდებიან გულანთებული, დემოკრატიულად მოაზროვნე, მოუსყიდველი პატრიოტები, რომლებიც წერტილს დაუსვამენ ამ აღვირახსნილობას და საქართველოს დაუბრუნებენ ნორმალური, წარმატებული, ევროპული განვითარების შესაძლებლობას.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი




