როგორც ჩანს, შეიძლება მალე გავხდეთ იმის მოწმე, რომ განსაკუთრებული, ღია, აშკარა ინტერესი გამოიკვეთება რუსეთისა საქართველოში, რომელიც არა უბრალოდ რუსული ინტერესი იქნება ქვეყანაში, არამედ პირდაპირ მიმართული ინტერესი დასავლეთის წინააღმდეგ. ესენი ამზადებენ პლაცდარმს ტანკის გარეშე რუსეთის შემოსვლისთვის. ეს კრემლმა, ფაქტობრივად, უკვე მოახერხა, მაგრამ რაღაც კიდევ არის განზრახული , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
ახვლედიანის თქმით, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან გაფუჭებული ურთიერთობა მოკლე ვადაში და მარტივად ვერ აღდგება.
„ამ გაიძვერა რეჟიმმა მოახერხა ის, რომ ყველა მეგობარი მტრად იქცია. დასავლეთში მშვენივრად ხვდებიან, რომ რუსული კრიმინალური დაჯგუფების მცირე ჯგუფი არ გამოხატავს საქართველოს ხალხის უმრავლესობის ნებას.
ესენი შემჩნეული კი არ არიან საქართველოს ღალატში, უღალატეს საქართველოს უმთავრეს ეროვნულ ინტერესს, რომ შედგეს წარმატებული ქართული სახელმწიფო. ეს მხოლოდ და მხოლოდ კრემლის ინტერესშია. ისინი („ქართული ოცნება“) სრულად ეხსნებიან დასავლეთს, უფრო მეტიც, არა უბრალოდ ეხსნებიან, არამედ მტრებად რჩებიან დასავლეთისთვის. როგორც ჩანს, ჩვენ შეიძლება მალე გავხდეთ იმის მოწმე, რომ განსაკუთრებული, ღია, აშკარა ინტერესი გამოიკვეთება რუსეთისა საქართველოში, რომელიც არა უბრალოდ რუსული ინტერესი იქნება ამ ქვეყანაში, არამედ ინტერესი პირდაპირ მიმართული დასავლეთის წინააღმდეგ. შეგვიძლია ვივარაუდოთ სამხედრო თუ სხვა თვალსაზრისით. ესენი ამზადებენ პლაცდარმს ტანკის გარეშე რუსეთის შემოსვლისთვის. ეს კრემლმა, ფაქტობრივად, უკვე მოახერხა, მაგრამ რაღაც კიდევ არის განზრახული.
იმ ფონზე, როდესაც დღეს კრემლსა და პუტინს აღარ რჩებათ არცერთი მყარი მოკავშირე. საქართველო ერთადერთი ქვეყანა არის მთელს დიდ პოსტსოციალისტურ სივრცეში, სადაც ამ ჯალათებმა და მოღალატეებმა გაბედეს, გავაბედვინეთ, რომ საქართველოს უტანკოდ აბარებენ რუსეთს და ეს ნაძირალები მელაპარაკებიან მშვიდობაზე. რა მშვიდობაა, როდესაც მათი პოლიტიკური გადაშენების შემდეგ ნაღმებს ტოვებენ საქართველოში. ვინმეს თუ ჰგონია, რომ იმ შეურაცხყოფის შემდეგ, იმ გაუგონარი, ძირგამომთხრელი საქმიანობის შემდეგ მეგობრებთან და პარტნიორებთან ევროპაში თუ შეერთებულ შტატებში ერთბაშად აღდგება ურთიერთობები, ძალიან ცდება. საშვილიშვილოდ უფუჭებენ საქმეს ქვეყანას. კრემლის მარიონეტები დღეს საქართველოს მიაჭენებენ ჯოჯოხეთში. ყველა, ვინც ამ სპეცოპერაციაში პუტინის თანამონაწილეა, პასუხს აგებს. იქნება ეს ერისკაცი, თუ სასულიერო პირი, ყველას მოეთხოვება პასუხი ამის გამო“, – განაცხადა ახვლედიანმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პარტიების საკონსტიტუციო დონეზე აკრძალვას ეხება. როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მმართველ გუნდს ძალიან ძვირი დაუჯდება.
„ჩვენ თუ მივეცით უფლება რეჟიმს, ისინი 5 ნომერსაც აკრძალავენ და ყველაფერ დანარჩენს. ამბობენ, რომ აუქმებენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და გვეუბნებიან, „არც კი გაბედოთ და იფიქროთ პროტესტზე, არც კი გაბედოთ, რომ შექმნათ ალტერნატივა, არც კი გაბედოთ, რომ ვინმეს ან რამეს ჩემს მიმართ კრიტიკულს მხარი დაუჭიროთ“, ზუსტად იმას გვეუბნებიან, რასაც ეუბნებიან დასავლეთს – „მიმიღე როგორიც ვარ და დავიწყებ შენთან ურთიერთობას, ანუ მაღიარე, რომ ვარ მოძალადე, მაღიარე, რომ ვარ დიქტატორი და მერე კი ბატონო, მექნება შენთან ურთიერთობა“.
მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ საბოლოოდ. გადაწყვეტილება იქნება მიღებული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, ეს ამ ავადსახსენებელ „ქართულ ოცნებას“ ძალიან ძვირი დაუჯდება.
ერთობლიობაში დასავლეთის მიმართ გაუგონარი ნაბიჯები, ღია მტრობა და კონფრონტაცია რეგიონში დასავლეთის ლეგიტიმურ ინტერესს ძირს უთხრის. ეს არის ქართველი ხალხის ლაფში ამოსვრა და მისი საუკუნოვანი მისწრაფებების არათუ იგნორირება, არამედ ფეხქვეშ გათელვა“, – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.
