არმაზ ახვლედიანი – ეს არის რეპრესიების, განსხვავებული აზრის დევნის და ოპონენტების ჩაწიხვლის მხოლოდ შესავალი და დასაწყისი – ჯერ არ შესულა ძალაში ეს კანონი და უკვე მოქმედებს

ეს არის რეპრესიების, განსხვავებული აზრის დევნის და ოპონენტების ჩაწიხვლის მხოლოდ შესავალი და დასაწყისი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
მან ხელისუფლებას მიმართა, რომ დღეს უფრო მასშტაბური პროტესტი იქნება და ეს არ დასრულდება მანამ, „ვიდრე არ დასრულდება ამ კანონის შემოქმედთა უკონტროლოდ, უკანონოდ ყოფნა“.
„ჯერ არ შესულა ძალაში ეს კანონი და უკვე მოქმედებს. ყველა ცხადად ვხედავთ, რა არის ჩაფიქრებული და რა დევს ამის მიღმა. საზოგადოება იმიტომ აპროტესტებს, რომ იცის, ამას რა მოჰყვება. ეს არის რეპრესიების, განსხვავებული აზრის დევნის და ოპონენტების ჩაწიხვლის მხოლოდ შესავალი და დასაწყისი. სწორედ ამიტომაა, რომ დღეს მიიღებთ უფრო დიდ პროტესტს და ეს პროტესტი არ დასრულდება მანამ, ვიდრე არ დასრულდება ამ კანონის შემოქმედთა ასე უკონტროლოდ, უკანონოდ ყოფნა“, – განაცხადა ახვლედიანმა.
მას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და მოუწოდა, დრო კანონპროექტის მუხლობრივი განხილვისთვის გამოეყენებინა და არა პოლიტიკური გამოსვლებისთვის.
„კითხვის ნაცვლად, თქვენ პოლიტიკური გამოსვლა გქონდათ. ამისთვის გექნებათ დრო ბოლოში, მაგრამ ვხედავ, რომ ბოროტად სარგებლობთ. სხვა მუხლებთან დაკავშირებით კითხვაზე აღარ მოგცემთ დროს იმიტომ, რომ არ დავკარგოთ პარლამენტის განხილვის დრო პოლიტიკური განცხადებებისთვის. 2-ჯერ უსაგნოდ გამოიყენეთ უკვე პოლიტიკური განცხადებები. ამით ჩანს, რომ თქვენ შინაარსობრივი ინტერესი მუხლთან და კანონთან დაკავშირებით არ გაქვთ“,-მიმართა პაპუაშვილმა ახვლედიანს.

ასევე დაგაინტერესებთ