არმაზ ახვლედიანი – დასავლეთს არ სურს საქართველოში მიიღოს ახალი ორბანი, ან „ნახევარ ორბანი“ და ჰყავდეს ორპირი, ორგული მოთამაშე – საზოგადოება ვალდებულია, გამოაფხიზლოს და აიძულოს ოპოზიცია, რომ გადაიტვირთოს

ისეთი ვითარებაა პოლიტიკურ სპექტრში, რომ ფანჯარა კი არ უნდა შეაღო, შეიძლება მთლიანად ჩამოხსნა, რათა სუფთა ჰაერი შემოვიდეს. აკლია ოპოზიციას სუფთა ჰაერი, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც არმაზ ახვლედიანმა აღნიშნა, საზოგადოება ვალდებულია გავლენა იქონიოს ოპოზიციაზე, გააქტიუროს, გამოაფხიზლოს, აიძულოს, რომ განახლდეს.
„ხშირად რომ ისმის კითხვა, ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს, ან რატომ არის ამ მდგომარეობაში. რას ფიქრობთ, ხალხს, შეგნებულ ნაწილს, მხოლოდ მმართველ ძალაზე ზემოქმედების შესაძლებლობა აქვს?! ჩავიხედოთ, პოლიტოლოგიის სახელმძღვანელოებში, მარტივ განმარტებებში, აღმოვაჩენთ, რომ თანაბრად და ზოგჯერ უფრო მეტადაც საზოგადოება ვალდებულია გავლენა იქონიოს ოპოზიციაზე, გააქტიუროს, გამოაფხიზლოს, აიძულოს, რომ განახლდეს, გადაიტვირთოს. ისეთი ვითარებაა პოლიტიკურ სპექტრში, რომ აქ ფანჯარა კი არ უნდა შეაღო, შეიძლება ჩამოხსნა მთლიანად, რათა სუფთა ჰაერი შემოვიდეს. აკლია ოპოზიციას სუფთა ჰაერი“, – აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ საზოგადოებას ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შესთავაზოს.
„მე ვიტყოდი, რომ {ოპოზიცია} ცუდად გამოიყურება, თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს. შეიძლება ცუდად გამოიყურებოდეს და უარესი გახდეს, მაგრამ ვინც ცუდად გამოიყურება, შესაძლოა, უკეთესი გახდეს. ერთადერთი ფორმულა არის არა ველოსიპედის ხელახლა შექმნა, მისი გამოგონება, არამედ ოპოზიციის იმგვარი მოქმედება, როდესაც ის თავად ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს. ჯერ ამას ოპოზიცია ვერ ახერხებს. ოპოზიცია ჯერ ვერ ჩამოყალიბებულია, უნდა გაერთიანდეს თუ არა მთავარი საკითხის ირგვლივ, იდეაზე, რომ ჩავატაროთ სამართლიანი . ამ იდეის ირგვლივ გასაერთიანებელი კონტურები მკრთალად ჩანს. ამისთვის ოპოზიციას სჭირდება გათავისუფლდეს პირდაპირი თუ ირიბი ბალასტისგან. მესამე, აუცილებელია, თავად შექმნას ქვეყნის გამარჯვების ფორმულა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ერთი მხრივ დაამარცხო „ქართული ოცნება“, მაგრამ შესთავაზო თვისობრივად ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი. მინდა დავიჯერო, ოპოზიცია ამისთვის მზად არის.
გავიგე, რომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ზოგს ეწყინა, ზოგს კი გაუხარდა, ვიზეიმეთ, ამის შემდეგ რას ვაკეთებთ? დავუტოვოთ ეს ბურთი „ქართულ ოცნებას“ თავის მოედანზე, რაც სამართლიანად არ ეკუთვნის? მათი ერთადერთი დამსახურებაა, რომ ბოლო 1-2 თვის განმავლობაში ეს პროცესი არ ჩაჩეხა. ჩათვალა, რომ ამ ვითარებაში ეს წამგებიანი იქნებოდა“,- აღნიშნა ახვლედიანმა.
კითხვაზე, თუ ვინ არ შეხვდა კანდიდატის სტატუსის მონიჭებას დადებითი განწყობით, ახვლედიანი განმარტავს:„ორივე ფლანგზე დავინახე ეს. ნუ მკითხავთ, სად მეტად და სად ნაკლებად. ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს“.
ამასთან, კითხვაზე, რამდენად სწორი იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადება, რომ ოპოზიციის მიზანი იყო კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი და გადავადება, ახვლედიანი აღნიშნავს, რომ „ვიდრე ოცნება“ მსგავს შენიშვნებს იტყვის, სჯობს საკუთარ ნამოქმედარს მიხედოს.
„თუ კრიტიკული ვარ ოპოზიციის მიმართ, არ ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ მორალური უფლება აქვს ვინმეს მიუთითოს. მან რა ზიანიც მიაყენა ამ პროცესს, ამ ზიანს ვერ აანაზღაურებს. ახლა სტატუსი კი არა, უნდა გადავსულიყავით შემდეგ ეტაპზე. უფრო მეტიც, ჩვენ შეიძლება მოლაპარაკებების პროცესის ბოლოში ვყოფილიყავით, “ქართულ ოცნებას” მინიმუმ 2016 წლიდან ნორმალური სამართლებრივი რეფორმები რომ გაეტარებინა. მსგავსი არაფერი გაუკეთებია.ოპოზიციის მიმართ კრიტიკულობა დამიტოვეთ, კრიტიკას გულშემატკივრის პოზიციიდან გამოვთქვამ, ეს ყველაფერი გამოსწორებას ექვემდებარება, არსებობს განწყობა, რეალობა შეიცვალოს. „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი შანსი აქვს, კერძოდ, ხელი არ შეუშალოს პროცესს. სტატუსისგან განსხვავებით, გაცილებით დიდია ალბათობა, რომ არჩევნებს რომ მიუახლოვდება, ამას ხელს არ გაუშვებს, ჩაებღაუჭება ბოლომდე იბრძოლებს საკუთარი სკამის, სავარძლის გადასარჩენად. სტატუსის თემამ გვაჩვენა, რომ მისი იძულება შეიძლება.
დღეს, დასავლეთი როგორც არასდროს, ისეა დაინტერესებული, რომ საქართველოში ვითარება შეცვალოს. თუნდაც იმიტომ, რომ იქ არავის სურს ახალი ორბანი, ან ნახევარ ორბანი მიიღოს ღარიბაშვილის, კობახიძის ან ნებისმიერი ამათგანის სახით. როდესაც ასეთ შავ დღეშია, ამხელა რესურსი იხარჯება უკრაინის ს მარწუხებისგან გასათავისუფლებლად, დასავლეთი არ დაუშვებს, რომ ამ დროს იქ ჰყავდეს მოთამაშე, ორპირი, ორგული, ორმაგი სტანდარტებით მოთამაშე“,- აღნიშნა ახვლედიანმა.
ამასთან, აღნიშნა, რომ 2024 წელი სიმბოლურად უნდა გამოცხადდეს, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების წლად.
„ოღონდ „ქართული ოცნება“ ნუ გამოაცხადებს. ეს იქნება მთელი პროცესის დაცინვა. პრეზიდენტმა უნდა თქვას, რომ მთლიანად კონცენტრირდება აღნიშნულზე. მისი მანდატის ფარგლებში მობილიზებას გაუკეთებს დასავლურ სამყაროს, ყველას ეტყვის, რომ ღარიბაშვილთან და „ოცნებასთან“ შეხვედრაზე უთხრან ყველაფერი მეორეხარისხოვანია, დემოკრატიული არჩევნები ჩაატარეთ, თუ ამას არ გააკეთებთ, ხელს არ ჩამოგართმევთ, სტატუსი უკან დაგრჩებათ. თუ ამ სიმწვავით დადგება საკითხი, როგორც ახლა აფრიალეს ევროპის კავშირის დროშები, სულ რომ გულზე არ ეხატებოდათ, ისე იძულებულები იქნებიან, რომ არჩევნები ნორმალურად ჩაატარონ, გაეწყობიან, რომ მათი დრო ამოიწურა“,- აღნიშნა ახვლედიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ