„არის ქსელები, სადაც გაყიდული პროდუქციისა თანხას იღებ 2 თვის შემდეგ – გვაქვს დისტრიბუციის პრობლემებიც“ – ამის შესახებ თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „უმალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი წვერავამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, თანხების ამოუღებლობა და დაგვიანებული დისტრიბუცია აზიანებს წარმოებას. შესაბამისად, საკითხს საკანონმდებლო დონეზე მოგვარება სჭირდება.
„მაღაზიებთან დაკავშირებით იგივე პრობლემებია, რაც მანამდეც გვქონდა. თუმცა, ჩვენით ვცდილობთ მოგვარებას. საუბარია, პირობებზე, არის ქსელები, სადაც პროდუქცია შეგაქვს, მაგრამ გაყიდული პროდუქციის თანხას იღებ 2 თვის შემდეგ. ეს პირდაპირ ურტყამს ქარხნის და ჩვენს ეკონომიკას.ასევე გვაქვს დისტრიბუციის პრობლემებიც. ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი, რომ იქნებ ღამე მომარაგდეს ქსელები. საცობებიც განიტვირთება და ჩვენთვისაც ბევრად მარტივი იქნება. ამ საკითხზე თვითონ სადისტრიბუციო ქსელებთანაც გვაქვს მოლაპარაკება. ვფიქრობ, საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს, რომ ყველამ დავისვენოთ, ქალაქმაც საცობებისგან და ბიზნესმაც.
ჩვენთვის როგორც ბიზნესისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა სწორედ ეს არის. მაგალითად, გადის ქსელში დისტრიბუცია, რომელსაც 25 მაღაზია აქვს მოსამარაგებელი, მაგრამ ამ საცობების გამო ვერ შედის დროულად”,- ამბობს დიმიტრი წვერავა.
