არიან პოლიტიკური გიენები, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ტრაგედიებით
ეს არის ის, რაც ნაკვები არის გარედან. ისტერია და ჩასაფრება, რომ რამენაირად ადამიანების ტრაგედიაზე პოლიტიკურად ისპეკულირონ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „სადგურის მოედანზე“ მდებარე ავარიული შენობის ნაწილის ჩამონგრევასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე.
მისი თქმით, ადამიანების ტრაგედიებით სპეკულაცია ოპოზიციისთვის ჩვეული პრაქტიკაა.
„ისინი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური პარაზიტები, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ბედისწერით. ასე რომ არაფერი ახალი არ არის, ასე იქცევიან უკვე წლებია და მომავალშიც რა თქმა უნდა ასე მოიქცევიან. არიან პოლიტიკური გიენები, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ტრაგედიებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 14 ივლისს ჩამოინგრა. მომხდარი ნგრევის შედეგად, დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილია სტაციონარში.
თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეული, ავარიული კორპუსიდან მობინადრეები დიდუბის გამგეობამ წუხელ სასტუმროებში გადაიყვანა. კორპუსში მცხოვრები 55 ოჯახიდან ნაწილმა ახლობლებთან დარჩენა არჩია, ნაწილი კი სასტუმროებში განათავსეს.