კომპანია არემჯი აგრძელებს გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის ფარგლებში ხარისხიანი განათლების მხარდაჭერას. წლების მანძილზე, ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა არაფორმალური განათლების პროექტებისა და სტუდენტური პროგრამების შეთავაზების პარალელურად, კომპანიამ ახალი პროექტი წარადგინა, რომელიც სამთო-გეოლოგიურ დარგში მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერას ითვალისწინებს.
არემჯის თბილისის ოფისში, ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის პრეზენტაცია და მისი მონაწილეების წარდგენა გაიმართა. არემჯის ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდო – წელს 15 ახალგაზრდას გადაეცა და ის ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურ ფინანსურ წახალისებას ითვალისწინებს. გამარჯვებულებს შორის არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საინჟინრო გეოლოგიისა და ჰიდროგეოლოგიის ინსტიტუტის, გეოლოგიის ინსტიტუტის, მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტის, გეოფიზიკის ინსტიტუტისა და სამთო ინსტიტუტის თანამშრომლები.
„მოხარული ვარ რომ ჩვენი განათლების მხარდაჭერის პროექტები გასცდა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების მხარდაჭერის ფარგლებს და ახლა უკვე ახალგაზრდა მეცნიერების წახალისებას ითვალისწინებს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დროული და საჭირო ინიციატივაა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ასევე ყველა დარგობრივ კვლევით ინსტიტუტთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დაწესებულებებში დარჩენა და სამეცნიერო თუ კვლევითი საქმიანობაში აქტიურად ჩაბმა, რაც შეიძლება ბევრმა ახალგაზრდამ გადაწყვიტოს. ვფიქრობ, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას და დაინტერესებას სამეცნიერო საქმიანობით“, – აღნიშნა არემჯის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.




