არა რუსულ კანონს! – ქართველი სტარტაპერების განცხადება

“არა რუსულ კანონს!” – ქართველი სტარტაპერები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა.
მათი თქმით, კანონი, აშკარა გადახვევაა ქართველი ხალხის მიერ არჩეული დასავლური კურსიდან, რაც სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად, შეაჩერებს ქვეყნის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებას. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების ხარისხის შემცირება სასიკვდილო განაჩენი იქნება ტექნოლოგიური კომპანიებისა და სტარტაპებისათვის.
ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა.
“დღევანდელი Მსოფლიოს სწრაფი და ეფექტური განვითარება ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სტარტაპებზე გადის. Ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა ტექნოლოგიური და სტარტაპ ინდუსტრია, რაშიც ერთ-ერთი კრიტიკული წვლილი საერთაშორისო, დასავლური ორგანიზაციების ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას მიუძღვის. ბოლო წლებში, ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა მოიზიდეს მილიონობით დოლარი საერთაშორისო ინვესტორებისაგან, დაასაქმეს ათასობით ადამიანი და მოახერხეს საქართველოს სწრაფად მზარდ და საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყნად პოზიციონირება, რაც შეუძლებელი იქნებოდა ქვეყნის დასავლელი პარტნიორების გარეშე მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 38 მილიონი ლარით დააფინანსა 200-ზე მეტი ინოვაციური . შედეგად კი სტარტაპებმა მოიპოვეს 1.5 მილიარდი ლარის კერძო ინვესტიცია და შექმნეს 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. 15 მილიონი ლარის დაფინანსება გამოყო გერმანიის მთავრობამ, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დააფინანსა ევროკავშირმა და ამერიკის მთავრობამ. ისეთი ორგანიზაციების ჩართულობით, როგორიც არის: USAID, EBRD, UNDP, UN, განხორციელდა უამრავი პროექტი, ტექნიკური განათლების ხელმისაწვდომობის, ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისა და ახალ ბაზრებზე წვდომისთვის. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, აშკარა გადახვევაა ქართველი ხალხის მიერ არჩეული დასავლური კურსიდან, რაც სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად, შეაჩერებს ქვეყნის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებას. დემოკრატიისა და თავისუფლების ხარისხის შემცირება კი სასიკვდილო განაჩენი იქნება ტექნოლოგიური კომპანიებისა და სტარტაპებისათვის ქართული სტარტაპები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა, რომლის მავნე შედეგებიც უკვე გაზომვადია. და კიდევ უფრო სავალალო იქნება მომავალში. Საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა! არა რუსულ კანონს!,” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ