“არა რუსულ კანონს” – დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს და გმირთა მემორიალთან ფიცი დადეს

19 აპრილს კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა “აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად. დემონსტრანტებმა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს, რა დროსაც ფიცი დადეს გმირთა მემორიალთან.
მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მიერ ხელახლა ინიციირებული “აგენტების კანონის” წინააღმდეგ მოქალაქეები 19:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა, რის შემდეგაც, მალევე მსვლელობით დაიძრნენ იუსტიციის სახლის მიმართულებით. მსვლელობის დროს ისმოდა საქართველოს ჰიმნი და შეძახილები: “სად მივდივართ? – ევროპაში” “ვისია საქართველო? – ჩვენია”.
აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლიდან გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ფიცი დადეს და საქართველოს ჰიმნი იმღერეს. ფიცის ტექსტი მათ ერთად წაიკითხეს:
“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები, შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი, მათი სულების წინაშე, ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას. ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, სთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას.
ვფიცავ! ვფიცავ! ვფიცავ!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს!”
აქციის ბირთვს წარმოადგენენ სტუდენტები, ისინი მსვლელობას ისევ პარლამენტთან დაასრულებენ.
“აგენტების კანონი” პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა – „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ – “ხალხის ძალიდან“ და ერთმა – “ევროპელი სოციალისტებიდან“.
პირველი მოსმენით კანონპროექტის დამტკიცება 17 აპრილს, საღამოს შვიდი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან გააპროტესტეს. მოეწყო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენაც. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე -მ ორი ადამიანი დააკავა. ეს რიგით მესამე აქცია იყო „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. პირველი მასშტაბური პროტესტი პარლამენტთან იმ დროს გაიმართა, როცა “აგენტების კანონპროექტს” იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავდნენ.