ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ირწმუნებიან, რომ საქართველო და აშშ მათსა და რუსეთს შორის კავშირების გაწყვეტასა და სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობდა.
მარიონეტები ირწმუნებიან, რომ USAID-ს, ამერიკულ პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია საერთაშორისო განვითარებაზე, საქართველოში არსებულ უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ოკუპირებულ რეგიონში იყო ქაოსის შექმნა და რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებების გაფორმებისთვის ხელის შეშლა.
“2022 წლიდან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი USAID-ისა (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო) და UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამა) მექანიზმის მეშვეობით, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ქართული ოფისები აფინანსებდნენ კამპანიას ჩვენს ქვეყანაში, რისი მიზანიც იყო შეექმნათ ინფორმაციული და საჯარო-პოლიტიკური პირობები, რომ რატიფიკაცია ჩავარდნილიყო, ჩვენს საზოგადოებაში ქაოსი ამტყდარიყო და საბოლოოდ დარღვეულიყო აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის არსებული სახელმწიფოთაშორისი და სულიერ-მორალური კავშირები. ნახსნები მცდელობები სრულად ჩავარდა.
ასევე უპერსპექტივოა კოლექტიური დასავლეთისა და საქართველოს “ჩართულობის არაღიარების” სტრატეგია. ჩვენს ტერიტორიაზე მის რეალიზაციას არ დავუშვებთ. ძმური კავშირი აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის დაფუძნებულია ურთიერთპატივისმცემელ სახელმწიფოთაშორის დიალოგსა და ჩვენი ერების მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე, დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების რევიზიები და მანიპულაციები არ გამოვა”. – წერია ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის განცხადებაში.
მარიოენტების თქმით, არ დაუშვებენ, რომ მათთან ფერადი რევოლუციის პირობები შეიქნმნას.
“არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში ჰარმონიზებული იქნება ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან, რაც მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის ფედერაციასთან კავშირის უალტერნატივოა, ხოლო მანიპულაციისა და “ფერადი რევოლუციებისთვის” პირობების შექმნის ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება სუვერენული აფხაზეთის მოქმედი კანონმდებლობით. აშშ-ს საგარეო პოლიტიკის უწყებას ვურჩევთ კონცენტრირებული იყვნენ იმაზე, რომ ქართული მხარე აფხაზეთის რესპუბლიკასთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების აუცილებლობაში დაარწმუნონ, ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის”. – წერია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ვისაც ოკუპირებულ რეგიონსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესება სურს, “არაფერი გამოუვათ”.
“ჩვენ, როგორც ათასწლიანი სახელმწიფოებრიობის ისტორიის მქონე დამოუკიდებელი ქვეყანა, ვიღებთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს. ვისაც გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობის დანგრევა შესაძლებელია, გატყობინებთ – არაფერი გამოგივათ!” – წერს მარიონეტი ბჟანიას ადმინისტრაცია.
გასულ დღეებში მარიონეტულმა რეჟიმმა მიიღო რუსეთისთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის იჯარით გადაცემის კანონი, რასაც ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლების დიდი უკმაყოფილება და საპროტესტო აქციები მოჰყვა. რუსეთის ფედერაციული საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის მეთაურის, გრიგორი კარასინის მტკიცებით, ეს დემონსტრაციები “გარედან” იყო წახალისებული.
ამას გარდა, გასულ თვეებში მარიონეტულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ აეკრძალათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ რეგიონად მიიჩნევდნენ.