მიმდინარე წლის პირველი მარტიდან სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ მოგივათ. აღნიშნულ ცვლილებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს.
კანონში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ პუბლიკაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) აქვეყნებს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე მიცემული თანხმობის უარყოფა პირს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია. მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება. ცვლილება 2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.
კომპანია მაგთიკომმა უკვე აცნობა მომხმარებლებს, რომ იცვლება სარეკლამო შეთავაზებების მიღების წესები და მომხმარებელმა თავად უნდა დააფიქსიროს არის თუ არა თანახმა, მისი მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავდეს.