საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ახალი წინაპირობები დაამტკიცა.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, რომელიც 2026 წლის 12 იანვრიდან შედის ძალაში, განისაზღვრა ის კრიტერიუმები, რომლითაც ბიზნესს ან ფიზიკურ პირებს სახელმწიფო ქონება აუქციონის გარეშე გადაეცემათ.
მთავრობას შეუძლია სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით გაასხვისოს რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაში:
– საპრივატიზებო უძრავ ნივთზე არანაკლებ 100 000 000 (ასი მილიონი) ლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ოდენობის ინვესტიციის განხორციელების პირობით;
– თუ საპრივატიზებო უძრავი ნივთი წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მომიჯნავე ქონებას, დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ შესაბამის უძრავ ნივთზე განხორციელებულია არანაკლებ 100 000 000 (ასი მილიონი) ლარის ინვესტიცია/დანახარჯი, რომელიც დადასტურდება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორული ფირმის მიერ და საპრივატიზებო უძრავი ნივთის გამოყენება იგეგმება დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების/გაფართოების მიზნით;
– სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვიდან გამომდინარე, სახელმწიფოსათვის ან/და მუნიციპალიტეტისათვის ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის პირობით;
– სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული/საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ასევე სახელმწიფო უწყების/ მუნიციპალიტეტის მონაწილეობით, საქართველოს საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავის (იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება) ან საარბიტრაჟო დავის დასრულების მიზნით;
– სახელმწიფო უწყების/მუნიციპალიტეტის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე: 1. სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით; 2. ფიზიკური პირების/ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საცხოვრებლით უზრუნველყოფის/საცხოვრებელი/ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთათვის (ეკომიგრანტთათვის) უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით;
– სახელმწიფო/ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია ენერგეტიკული, წყალმომარაგების, საგზაო/სატრანსპორტო (მათ შორის, საბაგირო) ან ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან.
დოკუმენტი ასევე განმარტავს სახელმწიფო ქონების გაცვლის წესს:
– თუ გაცვლის საჭიროება გაწერილია დამტკიცებული ქალაქთმშენებლობითი გეგმით.
– თუ არსებობს სახელმწიფო უწყების დასაბუთებული შუამდგომლობა, რომ გაცვლა აუცილებელია სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტისთვის.




