არანაირი საფუძველი იმისა, რომ ჩემი დასანქცირების საკითხი განიხილებოდეს, არ არსებობს – ილია წულაია

„არქის“ დამფუძნებლის ილია წულაიას განცხადებით, -ის მიერ მისი დასანქცირების არანაირის საფუძველი არ არსებობს.
ასე უპასუხა მან BMG-ის კითხვას, რომელიც „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უკავშირდებოდა.
სტატიის თანახმად, აშშ-ის კონგრესის წევრებმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას 9 იანვარს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც მოცემული იყო 26 სხვადასხვა პირისგან შემდგარი სია, რომელთა დასანქცირებაა მოთხოვნილი. აღნიშნულ პირებს შორის მოხსენიებული იყო „არქის“ დამფუძნებელი.
„ეს არის აბსურდი“ – აცხადებს ილია წულაია და მოუწოდებს „რადიო თავისუფლებას“, გამოაქვეყნოს კონგრესმენების მიერ გაგზავნილი წერილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
„არქის“ დამფუძნებლის კომენტარს BMG უცვლელად გთავაზობთ:
“ეს არის აბსურდი. არანაირი საფუძველი იმისა, რომ ჩემი რაიმე ფორმით დასანქცირების საკითხი განიხილებოდეს, არ არსებობს. არქის და ჩემი პირადი ბიზნესის დაფუძნების დღიდან ხორციელდებოდა და ხორციელდება დასავლურ ღირებულებებზე დაყრდნობით, გამჭვირვალედ და კანონმდებლობის სრული დაცვით.
მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას აღვიქვამ, როგორც დამოუკიდებელ ბიზნესზე შანტაჟის და ზეწოლის მცდელობად. საერთოდ, ეჭვი მეპარება ისეთი წერილის არსებობაში, სადაც ვინმე საღად მოაზროვნე ჩემს სახელს და გვარს ამ კონტექსტში ახსენებს.
მოვუწოდებ ამ ინფორმაციის გამავრცელებელს, არსებობის შემთხვევაში, გამოაქვეყნოს ეს წერილი. თუ აღმოჩნდება, რომ მართლა არსებობს მსგავსი წერილი, ბუნებრივია, ამაზე მექნება სამართლებრივი რეაგირება.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, 100%-ით გამოვრიცხავ, რომ ვინმე სერიოზულად განიხილავს ჩემთან დაკავშირებით მსგავს დაუსაბუთებელ და აბსურდულ მიმართვას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
არა თუ დასანქცირების მოლოდინი, არამედ ჩვენ ამერიკაში ვსაქმიანობთ (მოგეხსენებათ არქი ფლორიდაში დეველოპერულ პროექტს ახორციელებს) და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად საქმიანობის გაფართოებას და ახალი პროექტების დაწყებას ვგეგმავთ.
არქის 2025 წელს საქართველოშიც ძალიან ამბიციური გეგმები აქვს და ბევრი ახალი და მასშტაბური პროექტების დაწყებას ვაპირებთ“, – აცხადებს ილია წულაია.