აქციის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. გადაკეტილი აქვთ გზები.
აქციის მონაწილე მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებენ უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაეცვათ ძალოვნების შემოტევისგან.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, “არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს”, რათა გააჩუმოს ქართველები.
“მორიგი ძალადობრივი ღამე თბილისში. არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს, რათა გააჩუმოს ქართველები, რომლებიც მტკიცედ დგანან თავიანთი კონსტიტუციური, ევროპული არჩევანისთვის”, – წერს პრეზიდენტი X-ზე.
