„არაბული ქვეყნების მოთხოვნებს ვპასუხობთ, თუმცა თუ კი გაგრძელდებოდა ევროპული ჯგუფების ვიზიტები, მომსახურების დონე საკმაოდ აიწევდა“ – სასტუმრო „მგზავრები ბაკურიანი“
ბოლო წლებია ბაკურიანის სტუმრებს შორის აზიური ქვეყნების წარმომადგენლები ლიდერობენ. დამსვენებელთა 80% უცხოელებზე მოდის. მათ შორის კი ყველაზე მეტი ტურისტი ისრაელიდან და არაბული ქვეყნებიდან არის. მიმდინარე ზაფხულის ტურისტული სეზონიც ამ ტენდენციით ხასიათდება.
სასტუმრო ,,მგზავრები ბაკურიანის“ რეზერვაციის მენეჯერი გიორგი მაისურაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ 5-6 წლის წინ ევროპელი ტურისტების რაოდენობა მეტი იყო. მათ კი მომსახურებაზე მაღალი მოთხოვნები აქვთ, თუმცა ბოლო წლებში ევროპელების მხრიდან ბაკურიანში დასვენების ინტერესმა იკლო. გიორგი მაისურაძე მიიჩნევს, რომ ევროპული სეგმენტის ნაკადების შენარჩუნების შემთხვევაში მომსახურების ხარისხი გაიზრდებოდა. მისივე თქმით, დღეს არსებული სერვისების ხარისხი გაცილებით მაღალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, ვიდრე ეს არაბული ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს აქვთ.
,,არაბული ქვეყნებიდან ვიზიტორებს მოთხოვნა აქვთ კარგი ნომერი და კარგი სპა ცენტრი. არაბული ქვეყნების მოთხოვნებს ვპასუხობთ, თუმცა თუ კი გაგრძელდებოდა ევროპული ჯგუფების ვიზიტები (5-6 წლის უკან საკმაოდ მეტი იყო) რა თქმა უნდა, მომსახურების დონე საკმაოდ აიწევდა. არაბული სამყაროსთვის ჩვენ უფრო მაღალი ხარისხი გვაქვს ვიდრე მოთხოვნაა. თუნდაც იმიტომ რომ ისინი ტურებით ჩამოდიან. არაბული სეგმენტი მთელი დღის განმავლობაში სასტუმროში არ არის. საღამოს შემოდის, მიიღებს გარკვეულ სერვისებს და დილით გადის. მთელი დღეს მოგზაურობს. ასე ვთქვათ ეს არ არის დამსვენებელი.”- აცხადებს გიორგი მაისურაძე.
ზაფხულის ტურისტული სეზონზე ბაკურიანს ხშირად იმაზე მეტი სტუმარი ჰყავს, ვიდრე ზამთრის პერიოდში. თუმცა, ფასი ივლის-აგვისტოს თვეებში თითქმის 50%-ით ნაკლებია. ამის მიზეზად გიორგი მაისურაძე სასტუმროს ხარჯებს ასახელებს. განმარტავს, რომ ზამთარში სასტუმროს გაცილებით მეტი თანხის მობილიზება უწევს თუნდაც კომუნალური ხარჯების დასაფარად. ამ გარემოების გათვალისწინებით, ზაფხულში ბაკურიანში დასვენება უფრო იაფია.
,,ზაფხულში შედარებით დაბალია ფასი, ვიდრე ზამთარში. შეიძლება დატვირთვა ივლისსა და აგვისტოში მაღალი იყოს, ვიდრე თებერვალში. მაგრამ თებერვალში მაინც მაღალია ფასი. პიკური პერიოდი ჩვენ ივლისშიც გვაქვს. იმის გამო, რომ ზამთარში ბევრად მეტი ხარჯი აქვს სასტუმროს (თუნდაც ავიღოთ გაზი, დენი) ზაფხულში ამდენი ხარჯი არ არის. შესაბამისად ფასი ზაფხულში ზამთართან შედარებით დაახლოებით 50%-მდე იწევს. თუ ახალი წლის პერიოდის ფასს ზაფხულის ფასს შევადარებთ ეს არის დაახლოებით 50%-ით მეტი ფასი. იანვრის ნახევრიდან ფასი დაბლა ჩამოდის და 20-30%-იანი განსხვავებაა ზაფხულთან შედარებით.”- აცხადებს გიორგი მაისურაძე.
