არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში – “ფეხბურთზე მეტად ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი”

“ულსან ჰიუნდაის” 27 წლის შემტევი გიორგი არაბიძე, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ზე”, ლაშა დვალიშვილის გადაცემა “ჩემპიონებს” სტუმრობდა და საინტერესო თემებზე ისაუბრა:
“შეიძლებოდა უფრო დიდი ფეხბურთი მეთამაშა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული. ამის ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობდა.
ყველაზე დიდი პრობლემა ტრავმები იყო. ზოგადად, ტრავმიანი არ ვარ, მაგრამ ორი დიდხნიანი დაზიანება მქონდა, ამას მამის გარდაცვალებაც დაემატა. უფრო მენტალური პრობლემები არსებობდა, ვიდრე ფიზიკური.
ამის შემდეგ საქართველოში იმიტომ ჩამოვედი, ხალისი ისევ მქონოდა. ოჯახის, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების დახმარებით დაახლოებით 2.5 წელიწადში შევძელი, დავბრუნებულიყავი ისეთივე და
უკეთესიც, ვიდრე მანამდე.
ჩემ კარიერაში მამაჩემის როლი დიდი იყო. არა მხოლოდ მშობელი, არამედ უახლოესი მეგობარიც დავკარგე. ამის შემდეგ პორტუგალიაში წავედი… ფეხბურთზე მეტად ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი, ამის გადალახვას კი დრო სჭირდებოდა.
როცა სპორტმენი ფსიქოლოგოურად მზად არაა და სხვა პრობლემებზე ფიქრობს, ვერ ვითარდება და წინ ვერ მიდის. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ სხვა ადამიანი გავხდი, მეტი პასუხიმსმგებლობა ავიღე როგორც ოჯახის, ასევე საკუთარი ადამიანების მიმართ. ამის გადალახვის შემდეგ განვლილ პერიოდს სხვანაირად შევხედე…
როცა მითხრეს, რომ ფეხბურთს 8 თვე ვერ ვითამაშები, ეს დიდი ფსიქოლოგოური დარტყმა იყო… ტრავმამ შიშები დამიტოვა…
“ტორპედოში” კარგი პერიოდი მქონდა, მადლობა გია ცეცაესა და კახა ჩხეტიანს ნდონისთვის. როცა მენდობიან, ბოლომდე ვიხარჯები. ამ გუნდმა, “შახტართან” ერთად, ყველაზე მეტი მომცა. დომlნეცკურ კლუბში მირჩა ლუჩესკუს წასვლის შემდეგ შანსი ვეღარ მივიღე… არ ვარ ის ფეხბურთელი, სათადარიგოთა სკამზე ყოფნას შევეგუო.
ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, ეროვნული გუნდის მაისური მოირგო. ქვეყნისთვის თამაშობ… ნაკრებში არმიწვევაზე ბევრს არ ვფიქრობდი, რადგან მაინც ვერაფერს ვცვლიდი და ეს სტაბილურობაში ხელს შემიშლიდა… ყველაფერი მწვრთნელის გადაწყვეტილებაა და სხვა მიზეზები არ არსებობს…
ზოგადად, უსამართლობას ვერ ვეგუები. როცა რამე არასწორად ხდება, ყოველთვის ვამბობ. სიმართლის მთქმელი ყველას არ მოსწონს და ვიღაც ფიქრობს, რომ ცუდი ხასიათი მაქვს.”