2025 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.4 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (18.2%), ბოსტნეული და ბაღჩეული (16.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (15.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11%), პური და პურპროდუქტები (8.3%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8%), თევზეული (6.1%), რძე, ყველი და კვერცხი (5.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7%). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-8.3%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.77 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.5%), სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.9%) და საავადმყოფოების მომსახურების (7.6%) ქვეჯგუფებზე;
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.1%-ით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (20%), დაზღვევა (8.7%), საფინანსო მომსახურება (5.4%), პირადი ჰიგიენა (3.2%);
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.46 პროცენტული პუნქტით აისახა.
