აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ, მისი ზრით, დადგა სიტყვებიდან საქმეზე გადასვლის დრო. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„ვფიქრობ, უკრაინასა და რუსეთს შორის ყველაფერი კარგად უნდა იყოს და ამის შესახებ ძალიან მალე შეიტყობთ. დგება მომენტი, როცა ან უნდა იმოქმედოთ, ან გაჩუმდეთ. ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად მიდის“, – უთხრა ჟურნალისტებს ტრამპა საკუთარი თვითმფრინავის ბორტზე.
რამდენიმე ხნით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე სწრაფი გზა ეს არის მოსკოვის მიერ 2022 წელს ანექსირებული უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთის კონტროლქვეშ გადაცემა. ამ წინადადებას არ დაეთახმა ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი.
გასულ კვირაში, უიტკოფი ბოლო თვეების განმავლობაში მესამედ ესტუმრა რუსეთს. რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ის სანკტ-პეტერბურგში შეხვდა. კრემლის ცნობით, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების საკითხები.
გამოცემა Axios-ს ცნობით, თუკი აპრილის ბოლოს არ იქნება მიღწეული ზავის შეთანხმება, შესაძლოა აშშ-ის ადმინისტრაციამ რუსეთის წინააღმდეგ დააწესოს ახალი სანქციები.
უკრაინასა და აშშ-ს შორის საუდის არაბეთში 11 მარტს გამართული მოლაპარაკების შედეგად უკრაინა დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ. რუსეთს ამ შეთანხმებაზე თანხმობა არ უთქვამს.
აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში მოლაპარაკებები გამართეს 23-25 მარტსაც. თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხვრასა და კომერციული გემების სამხედრო მიზნებით გამოყენების აღკვეთაზე.
თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ძალის გამოუყენებლობის პუნქტი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც გაუქმდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ნაწილი.
ფორუმი
