ან მე, ან ტრამპი, მეგობრებო – ჯო ბაიდენი

ახლა, როცა ე.წ. სუპერ-სამშაბათის შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ, დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ნომინაცია თითქმის გაინაღდა, მოელიან, რომ შეეცდება, ორ საპრეზიდენტო კანდიდატს და ამერიკის მომავალზე მათ ხედვას შორის, კონტრასტი გამძაფრდეს. 5 მარტის შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ, ორივე წამყვან პარტიაში საბოლოო კანდიდატების ბედი გარკვეულია. შეერთებული შტატების მოქალაქეები იგივე არჩევანის წინაშე დგანან, როგორც 4 წლის წინ – ერთმანეთის პირისპირ ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტი 81 წლის ჯო ბაიდენი და მისი წინამორბედი 77 წლის არიან. პრეზიდენტობის კანდიდატებად ოფიციალურ დასახელებამდე, მათ პარტიული ნომინაცია უნდა მოპოვონ.
„დღევანდელი შედეგები ამერიკელ ხალხს მკაფიო არჩევანის წინაშე ტოვებს: ვაპირებთ თუ არა წინსვლას, თუ დონალდ ტრამპს მივცემთ უფლებას, დაგვაბრუნოს ქაოსში, განხეთქილებასა და სიბნელეში, რითაც მისი მმართველობა იყო აღბეჭდილი”, – თქვა ჯო ბაიდენმა შიდაპარტიული არჩევნების დღის ბოლოს, თავის განცხადებაში.
ტრამპი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის მოსაპოვებლად გამართულ არჩევნებში აქამდეც დომინირებდა. მისი ლიდერობა განსაკუთრებით გამოიკვეთა სამშაბათს, 5 მარტს, ამერიკის 15 შტატში გამართულ შიდაპარტიულ არჩევნებზე, რომელზეც სასწორზე საარჩევნო კოლეგიის თითქმის მესამედის ხმები იდო და რომელსაც სწორედ ამის გამო უწოდებენ “სუპერ სამშაბათს”.
ყოფილმა პრეზიდენტმა ე.წ. “სუპერ სამშაბათის” მოგების შემდეგ, “ფოქს-ნიუსს” უთხრა, რომ ეს “დიდებული საღამო” იყო. ტრამპის თქმით, მისთვის “პატივია, წარმოადგინოს არა მხოლოდ რესპუბლიკური პარტია, არამედ ჩვენი ქვეყანა გაჯანსაღებისა და კეთილდღეობისკენ მიმავალ გზაზე”.
დღეს, 6 მარტს, მოელიან, რომ ტრამპის მთავარი კონკურენტი ნიკი ჰეილი, ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში, კამპანიას ოფიციალურად შეწყვეტს. მის განცხადებას დაახლოებით ერთ საათში ელიან. ამის შემდეგ, დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატი გახდება და მას მიეცემა შანსი, მოაწყოს ისტორიული რევანში დემოკრატ ჯო ბაიდენთან, რომელმაც ის 2020 წელს დაამარცხა.
ორივე წამყვან კანდიდატს ეროვნულ გამოკითხვებში დაბალი რეიტინგები აქვს. მიმომხილველთა ნაწილისთვის ეს ნიშნავს, რომ მათი მომავალი საარჩევნო კამპანია, ძირითადად, ნეგატიური ხასიათის იქნება და უმეტესად ოპონენტზე თავდასხმებით წარიმართება.
ხუთშაბათს, 7 მარტს, შეერთებულ შტატებში იგეგმება ტრადიციული საპრეზიდენტო მიმართვა ერისადმი. პოლიტიკური მიმომხილველები მოელიან, რომ კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე გაკეთებულ მოხსენებას, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, ორ კანდიდატს შორის არსებული კონტრასტების გამოსაკვეთად გამოიყენებს. მიმართვის შემდეგ, ბაიდენი ჯერ პენსილვანიის, შემდეგ კი ჯორჯიის შტატში მიემართება და საყოველთაო საარჩევნო კამპანიას დაიწყებს.

ასევე დაგაინტერესებთ