პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს, სალომე ზურაბიშვილსა და ანჯეი დუდას შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტებმა საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.
„მიმდინარე დემონსტრაციების უპრეცედენტო მასშტაბები, ისევე როგორც საქართველოს ადმინისტრაციის მრავალი წარმომადგენლის საჯარო პროტესტი არის მტკიცებულება ქართველ ხალხში ხელისუფლების გადაწყვეტილებისადმი ღრმა იმედგაცრუებისა და შეშფოთების შესახებ. გარდა ამისა, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნების მიმართ უზარმაზარი სიმტკიცის ჩვენება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საპროტესტო აქციების ჩახშობის სისასტიკისა და სისხლისღვრის რისკის შესახებ დიდ შეშფოთებას იწვევს საქართველოში მომავალი მოვლენების გამო.
„ამიტომ, პრეზიდენტი ანჯეი დუდა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოიჩინოს თავშეკავება და წინდახედულობა, მოუსმინოს თავისი მოქალაქეების ხმას და უარი თქვას მათი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებაზე, გამოავლინოს ღიაობა ბოლო საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ყველა ეჭვის გარკვევაში და მზაობა ყოველგვარი ეჭვისგან თავისუფალი, ახალი არჩევნების დანიშვნისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.