ანტიკორუფციულმა ბიურომ 30 ოპოზიციონერის ფინანსებისა და დეკლარაციების შემოწმება დაიწყო

ანტიკორუფციულმა ბიურომ 30 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ქონებრივი დეკლარაციისა და ფინანსების შესახებ ინფორმაციის შემოწმება დაიწყო. ბიურომ ოპოზიციის წარმომადგენლებს აცნობა, რომ მათ მიერ 2024 წლის 31 იანვარს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება.
ანტიკორუფციული ბიურო ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სთხოვს, წარუდგინონ ინფორმაცია თავიანთი და ოჯახის წევრების ბანკში არსებული ანგარიშების ან შენატანების შესახებ. ასევე, წარადგინონ პირადი ანგარიშების ამონაწერები 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2024 წლის 1-ლი იანვრის ჩათვლით
აგრეთვე, ბიურო პოლიტიკოსებისგან მათი და ოჯახის წევრების მიერ 2023 წელს დადებული ან მოქმედი ხელშეკრულებების წარდგენას ითხოვს, რომლის საგნის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება. ბიურო მათ საჯარო დაწესებულებიდან 1 თვის თანამდებობრივი სარგოს შესახებ ცნობასაც სთხოვს.
ანტიკორუფციულმა ბიურომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შემოწმება ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირის, დავით ჩიხელაძის მიმართვის საფუძველზე დაიწყო, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის თავმჯდომარეა. ჩიხელაძე ამბობს, რომ მან ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილის ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევები აღმოაჩინა.
“ჩამონათვალი 30 ადამიანამდე შეიცავს. მათი, დაახლოებით, 90% წილებს შპს-ებში ფლობს, რომელიც მინდობილობით სხვა პირებისთვის გადაცემული არ აქვთ. გარკვეულ ნაწილს კი პარტიისთვის რაღაც თანხა აქვს შეწირული, რომლის წარმომავლობაც დეკლარაციაში არ ფიქსირდება”. – ამბობს ჩიხელაძე.
ოპოზიციაში ადასტურებენ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ მათი შემოწმება დაიწყო. ისინი ამბობენ, რომ შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის პრობლემა არ აქვთ.
“ხელფასის ცნობა მომთხოვეს. ასევე, ერთ-ერთ ბანკში სესხი მაქვს და მის ხელშეკრულებას მთხოვენ. გარდა ამისა, მთხოვენ წლიურ ანგარიშსწორებას – ანუ, რომელ მარკეტში სად პური ვიყიდე, სად კარაქი. ან აფთიაქში რა წამალი შევიძინე. ყველაფერი დეტალურად რომ ნახონ”. – ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი ნადირაძე.
კომენტარი გააკეთა პარტია ლელოს წევრმა, საბა ბუაძემაც.
“ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩემი და ოჯახის წევრების დეტალური ფინანსური ინფორმაცია მომთხოვა. ბუნებრივია, მათ ამას გავუზიარებ, რადგან ქართული ოცნებისგან განსხვავებით, დეკლარაციაში დასამალი არაფერი მაქვს”. – ამბობს ბუაძე.
ბიუროს შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინა გირჩი-მეტი თავისუფლების წევრმა, მაც.
“მე ჩემი და ჩემი ოჯახის 2 თეთრის გადახდა, გადმოხდაც, ყველაფერი მივიტანე. ახლა თვითონ მანახონ, თავისი”. – თქვა კობერიძემ.
რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის თავმჯდომარემ, დავით ჩიხელაძემ 2023 წლის 21 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა, რომ მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების რეგულირების საკითხი შეესწავლათ. მან პარტნიორი ორგანიზაციების გავლით “უკანონო შემოწირულების” მიღებაში დაადანაშაულა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი – მეტი თავისუფლება, დროა, პარტია ხალხისთვის, მოქალაქეები, რესპუბლიკური პარტია და სტრატეგია აღმაშენებელი.
თავად დავით ჩიხელაძე მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერია. სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო პოსტებში ის აქტიურად უჭერს მხარს ქართული ოცნებას და აკრიტიკებს ოპოზიციას.
ჩიხელაძე ზოგადად გამოირჩევა ანტიდასავლური პოსტებითაც.
“ათიდან ცხრა ამერიკელი თვლის, რომ ამერიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისის წინაშე დგას”. – წერს ჩიხელაძე 2023 წლის 11 აგვისტოს.
ჩიხელაძემ ტაბულასთან საუბირისასაც თქვა, რომ “ქართველებს ბევრ რამეში ევროპელებს შეგვიძლია ვასწავლოთ ევროპელობა”.