ანტიკორუფციული ბიურო აცხადებს, რომ პარლამენტის ყოფილი წევრის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგს ახორციელებს.
ბიუროს განცხადებით, მონიტორინგის მიზანია დადგინდეს დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან და ყურადღება ეთმობა დეკლარაციაში იმ მონაცემების ასახვის სიზუსტეს, რომლებიც უკავშირდება მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.
„განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზით არ აისახა დეკლარაციაში შეთანხმება, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრმა გააფორმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან. მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს, იყო თუ არა ხელშეკრულების დამალვა მიზანმიმართული, უკავშირდება თუ არა შემოსავლის დაფარვის მცდელობას და რამდენად შეესაბამება ეს ქმედება კანონით დადგენილ ვალდებულებებს“, – ნათქვამია ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში.
ამასთანავე, ბიურო აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის კონტექსტში მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის მიერ დეკლარირებულ შემოწირულებებთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა, რათა „სრული სურათი შეიქმნას პოლიტიკური კორუფციის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით“.
„საზოგადოებაში არსებული კითხვები, ამ კონკრეტული ხელშეკრულების არსსა და მის დეკლარაციაში ასახვის სიზუსტესთან დაკავშირებით, ბუნებრივად წარმოშობს აუცილებლობას, დეტალურად და მიუკერძოებლად იქნეს გამოკვლეული, ხომ არ მოხდა სამართლებრივი ვალდებულების დარღვევა. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკითხი უკავშირდება მაღალი საჯარო ინტერესის მქონე პირს. საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით დამატებით ინფორმაციას მონიტორინგის შედეგების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
რა ხდება?
რამდენიმე დღეა, პროსამთავრობო მედიით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ცხოვრობს მამუკა ხაზარაძის მეუღლის კუთვნილ ბინაში და ვერ პოულობდნენ მხარეებს შორის ქირავნობის ხელშეკრულებას. პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციის კომენტირებისას „ქართული ოცნებაში“ აცხადებდნენ, რომ ყველანაირი წესი და ნორმა დარღვეულია.
„როდესაც ელჩი ხელშეკრულებას არ აფორმებს გამქირავებლისგან და, მით უმეტეს, თუ გამქირავებელი არის პოლიტიკური პარტიის ლიდერად ცნობილი და ელჩიც მის პოზიციას უჭერს მხარს, ამას შეიძლება პოლიტიკური კორუფცია დავარქვათ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ.
განცხადება გაავრცელა შემოსავლების სამსახურმაც, რომ „საკითხის ანალიზისას“ შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა გამოვლინდა.
„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის, ერნსტ პეტერ ფიშერისთვის, სავარაუდოდ, იჯარით გაცემისას საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე.
საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურმა.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება გერმანიის ელჩთან გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით, თუმცა მათ მიერვე „წინა კვირას აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, რაც წყაროსთან დაბეგვრ-არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია“.
„ჩვენივე მიმართვის საფუძველზე საგადასახადო სამსახურში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია და ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული, რითაც საკითხი სრულად ამოიწურა“, – განაცხადა ხაზარაძემ.
