ანი ნადარეიშვილი სუს-ში გამოკითხვაზე – ძირითადი კითხვა იყო ტყეში რაღაც რომ ამოთხარეს, ამ კადრებთან დაკავშირებით – ვეკითხებოდი გამომძიებელს, ვის ტვინში დაიბადა, რომ მე რაიმე შეხება შეიძლება მქონდეს ამოთხრილ იარაღთან

ძირითადი კითხვა იყო იმის შესახებ, რაღაც ტყეში რომ ამოთხარეს, ამ კადრებთან დაკავშირებით – კიდევ აინტერესებდათ ვიცნობდი თუ არა პაატა ბურჭულაძეს და მურთაზ ზოდელავას, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა სუს-ში გამოკითხვის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
ანი ნადარეიშვილის თქმით, არ სჯერა სუს-ის მიერ „დადგმული სპექტაკლების“, რადგან 13 წლის განმავლობაში ბევრი მოწმე უნახავს, რომელსაც „ალაპარაკებდნენ იმას, რაც უნდოდათ“.
„ძირითადი კითხვა იყო იმის შესახებ, რაღაც ტყეში რომ ამოთხარეს, ამ კადრებთან დაკავშირებით. როგორც გახსოვთ, ბ.ჭ. იყო ნახსენები, ეს ყოფილა ვინმე ბექა ჭულუხაძე და აინტერესებდათ თუ ვიცნობ ამ ადამიანს, თუ მქონია რაიმე შეხება, რაიმე გადაკვეთა, თუ მქონდა ნანახი „ტვ იმედის“ სიუჟეტი, ბოდიში, მაგრამ არ ვუყურებ რუსულ პროპაგანდისტულ არხებს.
ასევე აინტერესებდათ, თუ ვიცნობ პაატა ბურჭულაძეს. ესეც ძალიან სასაცილო კითხვაა იმიტომ, რომ ათასჯერ ვთქვით, პაატა ბურჭულაძე არის ჩვენი ოჯახის ნათესავი, ჩემი შვილის ნათლიაა მისი შვილი და ძალიან ბევრი წელია, ამ ოჯახს ვიცნობ და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ძალიან მეამაყება ეს.
ვეკითხებოდი გამომძიებელს, ვის ტვინში დაიბადა, რომ მე რაიმე შეხება შეიძლება მქონდეს რაღაც ამოთხრილ იარაღთან. მე არ მჯერა სუს-ის დადგმული არანაირი სპექტაკლების. 13 წლის განმავლობაში ნანახი მყავს ძალიან ბევრი მოწმე და მოსმენილი მყავს ძალიან ბევრი, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა ზეწოლა, ალაპარაკებდნენ რაც უნდოდათ იმას. ძალიან ბევრი სუს-ის აგენტი მინახავს ჩვენს გარშემო, ამიტომ არ მჯერა საერთოდ ამათი მასკარადების, ცირკების, რაშიც იძულებულს მხდიან, რომ მონაწილეობა მივიღო“, – განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
ცნობისთვის, გამოკითხვაზე იმყოფებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაც. -ს ინფორმაციით, ბაჩო ახალაია უწყებაში ხმის ნიმუშის აღების მიზნით და მოწმის სახით გამოსაკითხად არის დაბარებული.