თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებით, ის სუს-ში მას შემდეგ მივა, რაც მასთან ოჯახის ადვოკატი მივა, რომელიც ახლა ბაჩო ახალაიასთან იმყოფება.
„მეგობრებო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მირეკავენ განუწყვეტლივ, აინტერესებთ ვცხადდები თუ არა დაკითხვაზე. განვუმარტე, რომ რა თქმა უნდა ვცხადდები, უბრალოდ ველოდები ჩვენი ოჯახის ადვოკატს, რომელიც შევაგზავნე ბაჩოსთან, მას მერე რაც გავრცელდა ინფორმაცია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. როგორც კი ადვოკატი გამოვა, მივალთ ერთად, მარტო არ მივდივარ შეგნებულად, რომ ბაჩოსავით არ დამემართოს ის, რომ ინფორმაციის გარეშე დარჩეს ჩემი ოჯახი გარეთ.
ამას იმიტომ ვწერ, რომ იცოდეთ, თუ სახლში, სადაც მე და ჩემი შვილები ვართ, მომივარდა სპეცრაზმი და ეს იმით ახსნეს, რომ არ გამოვცხადდი, უდიდესი ტყუილია“, – წერს ნადარეიშვილი.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება. შსს-ს ინფორმაციით, ბაჩო ახალაია უწყებაში ხმის ნიმუშის აღების მიზნით და მოწმის სახით გამოსაკითხად არის დაბარებული.
