მოსკოვის „სპარტაკისა“ და სსრკ-ის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩის ჩატარების სურვილი გამოთქვა. ადრე ის საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების შეხვედრის გამართვის იდეით გამოვიდა.
“ვფიქრობ, თამაში სწორედ თბილისში უნდა ჩატარდეს. იქ მარტში უკვე სითბო იქნება, შესანიშნავი ამინდი. სტადიონზე ბევრი ხალხი მივა. მთავარია, ქართველები მოცემულ მომენტში მატჩის ორგანიზაციას როგორ მოაწყობენ – ხალხისთვის თუ პოლიტიკური მიზნით, რათა ყველამ დაინახოს, ადამიანებს როგორ უნდათ ერთმორწმუნე ქვეყანასთან მეგობრულად და თანხმობაში ყოფნა. საქართველომ ხომ რუსეთზე სამი საუკუნით ადრე მიიღო მართლმადიდებლობა (ექვსი საუკუნით
ადრე – რედ.). თუ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორმა მართლმადიდებელმა ქვეყანამ ერთად უნდა იაროს, მაშინ ყოველთვის გვერდიგვერდ უნდა ვიყოთ“, – განუცხადა კავაზაშვილმა ВсеПроСпорт-ს.
უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ნაკრებები და კლუბები 2022 წლის თებერვლიდან საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილები არიან და მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს ატარებენ – გასულ წელს სერბეთი (4:0), ბელარუსი (4:0), ვიეტნამი (3:0), ბრუნეი (11:0) და სირია (4:0) დაამარცხეს, წელს კი ერთ-ერთ ევროპულ ნაკრებთან აპირებენ თამაშს.