სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები 16 მაისს, გამთენიისას იუწყებოდნენ ძლიერი აფეთქებების შესახებ სევასტოპოლში, იალტასა და ალუპკაში.
ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“ წერს, რომ ყირიმზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო.
რუსეთის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნული მიხაილ რაზვოჟაევის ტელეგრამ-არხზე დილის შვიდის ნახევრისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ხმამაღალი ხმები, რომლებიც ქალაქში ისმოდა“, სამხედროთა „მუშაობის” შედეგია და წინასწარი მონაცემებით, მათ შავი ზღვის თავზე გაანადგურეს 6 უპილოტო საფრენი აპარატი.
სევასტოპოლში მდებარეობს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბი და მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა. 2022 წლის აგვისტოში უკრაინის თავდაცვის ძალებმა სევასტოპოლის შტაბს დრონებით შეუტიეს. 2023 წლის სექტემბერში შტაბის შენობაზე სარაკეტო დარტყმა იყო.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
ფორუმი
