დღეს არის საქართველოს ევროპული მომავლის მცველების, სამშობლოს პატრიოტების სამსჯავრო! და რისთვის ასამართლებს რეალურად სასამართლო ამ ახალგაზრდებს?! რადგან ისინი იცავენ იმ ღირებულებებს. რასაც თავადაც უნდა იცავდეთ თქვენ – პროკურატურა და სასამართლო.
რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანია საიდან დაიწყო ყველაფერი, მათ შორის პოლიტიკურ მოტივაციაზე დამყარებული სისხლის სამართლის საქმე ანდრო ჭიჭინაძის წინააღმდეგ.
2024 წლის 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე გაჟღერებული განცხადებით – 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. განცხადებამ ცალსახად გამოიწვია საზოგადოების დიდი ნაწილის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც დაიწყო 28 ნოემბერს და გრძელდება დღემდე.
საქართველოს ევროპული მომავლის, ღირებულებების, განვითარებისა და ჩვენი ისტორიული არჩევანის დასაცავად ათი ათასობით ქართველთან ერთად პარლამენტის წინ იდგა ხელოვანი ანდრო ჭიჭინაძეც.
პირველივე დღიდან, როცა ანდრო ჭიჭინაძემ იგრძნო რეალური საფრთხე რომ ქვეყანა კარგავდა ყველაზე ღირებულს – თავისუფლებას და ევროპულ მომავალს. მსახიობი იდგა იქ სადაც უნდა მდგარიყო თითოეული მოქალაქე. რომ დაეცვა ქვეყანა. ანდრო ჭიჭინაძე იდგა საჭირო დროს, საჭირო ადგილას, მისთვის, მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, შვილისთვის, ყველა რიგითი ქართველისთვის, თქვენთვისაც და რაც მთავარია, სამშობლოსთვის.
მიუხედავად მძიმე 28 ნოემბრისა, რომლის განმავლობაშიც ჩვენ ასეულობით მოქალაქე ვნახეთ ნაცემი და ათეულობით დაკავებული, სამართალდამცავების მიერ სიკვდილამდე ნაცემი ჟურნალისტები. სასტიკი და წამების ტოლფასი მოპყრობა, რომლის გამოც დღემდე არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა.
რა თქმა უნდა, ამ ფაქტებმა 29 ნოემბერს გაცილებით მეტი ადამიანი გამოიყვანა რუსთაველზე. ხელწერა იგივე იყო, როგორც 28 ნოემბერს. სამართალდამცავების მხრიდან საშინელი გინება, შეურაცხყოფა მოქალაქეების მისამართით, ბოთლების სროლა, უკანონო დაკავებები, ცემა დაკავებისას ღირსების შემლახავი ქმედება და ასე შემდეგ. იქ, რუსთაველის მოედანზე, იყო მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც, რომელიც იმყოფებოდა კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად პირველი სკოლის ტერიტორიაზე, როცა შეიტყო რომ მისი ერთ–ერთი ახლობელი იმყოფებოდა დაპირისპირების ეპიცენტრში ჭიჭინაძის ქუჩაზე, მის სანახავად რომ დარწმუნებულიყო ამ ადამიანის უსაფრთხოებაში. აღნიშნულ ტერიტორიას მიუახლოვდა. რა დროსაც დაინახა როგორ იგინებოდნენ, იმუქრებოდნენ, ნიღბიანი სამართალდამცავები აქტივისტების მისამართით და ისროდნენ წყლით სავსე პლასტმასისა და შუშის ბოთლებს. ერთ–ერთი მათგანი თავად ანდრო ჭიჭინაძესაც მოხვდა ფეხში და სწორედ ეს ფაქტი არის აღნიშნული 05 დეკემბრის დაკავების ოქმში, სადაც ჭიჭინაძე უთითებს რომ მარჯვენა ფეხის წვივის არეში აღენიშნება დაზიანება, რომელიც მან მიიღო რამდენიმე დღის წინ რუსთაველის ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე.
წარმოიდგინეთ ვითარება , როდესაც კანონის დაცვით მოქმედი პოლიციელები იგინებიან დედის მისამართით, სასტიკად სცემენ და არბევენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ძალადობენ თავის ტოლ ახალგაზრდებზე მშვიდობიანი პროტესტისა და განსხვავებული აზრის გამო და ის ვინც კანონს უნდა იცავდეს საშინელი სიტყვებით იგინება სწორედ იმ კადრებში , რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა . ნახავთ ამ კადრებს თავად.
ის რომ მოქალაქეთა მხრიდან აქცია იმართებოდა მშვიდობიანი ფორმით და ასეულობით მოქალაქეზე იძალადა რეჟიმმა, ეს დაცვის მხარის მოსაზრება არ არის. ეს არის ფაქტები, რომლებზედაც საუბრობს არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათი წარმომადგენლები, ევროპარლამენტი, ევროსაბჭო და ა.შ.
ერთადერთი ვინც ამ დროს იყო აგრესიული და მოძალადე, ეს პოლიციისა და შსს–ს წარმომადგენლები იყვნენ. უამრავი საჯაროდ გავრცელებული ვიდეო იყო, რომელიც ასახავდა ამ პირების მიერ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას და დარწმუნებული ვარ, ეს თქვენც კარგად ნახეთ, ბატონო მოსამართლე.
და რა ხდება ? პროკურატურა დებს ანდრო ჭიჭინაძეს ბრალს იმაში, რასაც თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ჩადიოდნენ. თუმცა, სასამართლო პროცესზეც კი ერთი მტკიცებულება ვერ მოაქვს ამ ბრალის დასადასტურებლად
საბჭოთა პერიოდში ოფიციალურად მიჩნეული იყო, რომ თითქოსდა საბჭოთა კავშირში არ იყო და არც შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს. თავად, ისეთ ბინძურ სისტემაშიც კი, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, სადაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ იყო გათელილი, საბჭოთა მანქანა ერიდებოდა ვინმესთვის დაებრალებინა ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს სახელმწიფოს სისუსტეზე მიანიშნებდა. თუმცა ამას 2025 წელს დაჟინებით სინდისის პატიმრის ანდრო ჭიჭინაძის მიმართ ცდილობს პროკურატურა.
ვიდრე კონკრეტულად სხვადასხვა საკითხის განხილვაზე გადავალთ, აუცილებელია რომ ბრალის დადგენილებიდან ამოვიკითხოთ ბრალის ფორმულირება. რაში ედება ბრალი ანდრო ჭიჭინაძეს.
ბრალდებაში აღნიშნული ფრაზები და სიტყვები იმდენად ზოგადი ხასიათის არის რომ ძალიანაც რომ მოინდომო მისგან შინაარსის ან რაიმე სახის უკანონო მოქმედების ამოკითხვა – ვერ შეძლებ.
მინიმუმ ფორმალურადაც, ვიდრე დეტალურად გავყვებით დანაშაულის შემადგენლობას, წარმოდგენილი ვიდეოების ხანგრძლივობაც კი ეწინააღმდეგება ბრალდების ფორმულირებას, რომ ანდრო ჭიჭინაძე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახორციელებდა რაიმე სახის მოქმედებებს, როდესაც ამის მტკიცებულება არ არსებობს. როგორ შეიძლება რამდენიმე წამიანი ვიდეოთი, ზოგადად, აღნიშნო რომ რაიმე სახის მოქმედება უწყვეტად და ხანგრძლივად არის განხორციელებული.
მინდა ვისაუბრო ზოგადად 225-ე მუხლზე და შემდგომ დავუბრუნდე მის შესაბამისობის საკითხს ბრალის ფორმულირებასთან.
ეს განზრახი დანაშაულია, აუცილებელია პირს ჰქონდეს განზრახვა ჩაიდინოს ძალადობრივი ქმედებები და ამისთვის გაერთიანდეს ან შექმნას ჯგუფი
2007 წლის საკანონმდებლო ცვლილებებამდე 225-ე მუხლს ერქვა „მასობრივი არეულობა“. ეს იმას ნიშნავს რომ მისი განხორციელება შეეძლო მასას, ე.ი. რამდენიმე ასეულ ადამიანს სადღეისოდ კი ამ მუხლის მოქმედების არეალი საფუძვლიანად და კანონმდებლის მიერ კონკრეტული მიზეზით არის დავიწროებული. იმისთვის რომ თავიდან იქნეს აცილებული ისეთი შემთხვევები, როგორთანაც ახლა გვაქვს საქმე. თავიდან იქნეს აცილებული ადამიანების მასის შეკრება და მათთვის ჯგუფური ორგანიზებული დანაშაულის დაბრალება. ამის პრევენციის მიზნით კანონმდებელმა შეცვალა ნორმის შინაარსი და აღნიშნა რომ 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის აუცილებელია მინიმუმ 3 პიროვნების არსებობა საქმეში. აუცილებელია აღინიშნოს რომ ამ სამიდან მინიმუმ ორი უნდა იყოს მონაწილე, ხოლო ერთი ორგანიზატორი.
ნორმის სამეცნიერო განმარტება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც ცხადყოფს რომ 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელია არსებობდეს ორგანიზატორი პიროვნება ან პიროვნებები, რომლებიც იქნებიან დანაშაულის ინიციატორები, გასცემენ შესაბამის განკარგულებებს და მითითებებს საერთო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ და ამავდროულად აკონტროლებენ დანაშაულის ჩადენის პროცესს.
ორგანიზებული დანაშაულების ნიშანთა ჩამონათვალი საკმაოდ ზუსტად არის შეჯამებული თვით ტერმინში – „ორგანიზებული“. ეს სიტყვა ნიშნავს მწყობრი სახის მინიჭებას, მოწესრიგებას.
ზოგადად რას ნიშნავს ძალადობა? – ყველაზე მარტივი ფორმა ძალადობის ახსნის, არის შემდეგი – „ძალის აშკარა ან ფარული გამოყენება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფისაგან ისეთი რამის მისაღწევად, რაზედაც ისინი თავისი ნებით არ თანხმდებიან.“ როგორ შეიძლება ეს დეფინიცია როგორმე შევუსაბამოთ ანდრო ჭიჭინაძის მოქმედებას?
ზოგადად რას ნიშნავს ჯგუფური ძალადობა? – ეს არის პროტესტის გამოხატვის მართლსაწინააღმდეგო ფორმა. ის არის ორგანიზებული დანაშაულის ნაირსახეობა. აუცილებელია, სასამართლომ გაამახვილოს ყურადღება რომ გარდა სხვა შემადგენლობისა, რომელზედაც მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, დანაშაულის ორგანიზებული ხასიათი არის ერთ–ერთი აუცილებელი პირობა.
ობიექტური მხრივ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება გამოიხატება არეულობის ადგილის შერჩევაში, მასბრივი არეულობის დროისა და მისი ჩადენის ხერხის განსაზღვრაში, პირთა ჯგუფის თავმოყრაში ამ ადგილას და სხვა. გარდა ამ ყველაფრისა, ორგანიზებული იერარქია, რაც არის უმთავრესი, წარმოადგენს მეტად მნიშვნელოვან ნიშანს. დანაშაულებრივ დაჯგუფებას მართავს ხელმძღვანელი. მას ემორჩილება ყველა წევრი, რომლებიც თავის მხრივ, გარკვეული თანრიგით ექვემდებარებიან ერთმანეთს. თითოეულ საფეხურზე მდგომ წევრს გააჩნია გარკვეული ძალაუფლებაც, ფუნქციაც რომ განახორციელოს თავისი ვალდებულებები და ა.შ.
მეტიც, ორგანიზება და ხელმძღვანელობა, როგორც მოქმედება, დასრულებულია არა მაშინ როცა პირი ორგანიზებას გაუკეთებს ჯგუფურ ძალადობას, არამედ მაშინ, როცა ამ ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას თან ახლავს სხვადასხვა ქმედებები: ძალადობა, რბევა და სხვა.
აი, ახლა მე რაც ჩამოვთვალე, რომელი მათგანი არის საქმეში?
იმისთვის რომ ბრალდებამ დაამტკიცოს 225-ე მუხლით გათვალისწინებულ მოქმედებაში პიროვნების მონაწილეობა, ამისთვის მინიმუმ რამდენიმე ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დაგვიდასტუროს:
ჩამონათვალი კრიტერიუმების:
მიზანი – ანუ განზრახვა ჩაიდინო ძალადობრივი დანაშაული და ამისთვის გაწევრიანდე ორგანიზებულ ჯგუფში
· სახეზე უნდა იყოს ორგანიზატორი/ხელმძღვანელი ან მინიმუმ მონაწილე
· ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, სხვადასხვა იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი წინააღმდეგობის გაწევა.
· კავშირი ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის
· უკანონო მოქმედების შედეგად დაზიანებული სამართალდამცავი ანუ მიყენებული ზიანი
