ანდრო ჭიჭინაძე: კიდევ ერთხელ გავიმეორებ და მეტჯერ ამ საკითხს აღარ დავუბრუნდები

ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი – არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება, – ამის შესახებ სინდისის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე საპატიმროდან გამოგზანილ წერილში წერს. დაპატიმრებული მსახიობი აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ უდოს შეთავაზებაზე უარი განაცხადა და შესაბამის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

ანდრო ჭიჭინაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისთვის ერთადერთი მისაღები გამოსავალი მხოლოდ სააპელაციოს გადაწყვეტილება იქნება, თუ ის ობიექტურ და მიუკერძოებელ ვერდიქტს გამოიტანს.

როგორც ჩანს, რამდენიმე თვის წინ გასაგებად ვერ გადმომიცია ჩემი სათქმელი, ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და მეტჯერ ამ საკითხს აღარ დავუბრუნდები.

ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი – არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება.
არ მინდოდა ამაზე ხაზგასმა, მაგრამ, როგორც ჩანს, საჭიროა – რამდენიმე დღის წინ არც უდოს შემოთავაზებაზე მოვაწერე ხელი და ვთქვი უარი.

ერთადერთი ჩემთვის მისაღები გამოსავალი, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება, როგორსაც მიიღებდა დამოუკიდებელი სასამართლო.

ის ხალხი კი, ვინც ქალის მიმართ დევნას ამართლებთ და უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვებას პირდაპირ ითხოვდით, თავდებობით თავს ნუ შეიწუხებთ, – წერს ჭიჭინაძე.