ანდრო ჭიჭინაძე: ალბათ, ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ესაა – გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში… ალბათ თავისუფლებაც ეს არის

“ახალი თეატრის” საპროტესტო მანიფესტზე მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს. იგი მსახიობმა გივიკო ბარათაშვილმა სცენიდან გააჟღერა.
“სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი საიდან დავიწყო, როგორ გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან ვცდილობ პათეტიკური არ ვიყო, მაგრამ კონტექსტმა გამწირა და მგონი, ცოტა მომიწევს. როცა ვამბობ თქვენ, ვგულისხმობ თითოეულ თქვენგანს პირადად და კონკრეტულად. ნაცნობებს და უცნობებს.
თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გააზრებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული პირველ რიგში საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარემოში, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი, დაცული და სოლიდარული. ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია ბედნიერი იყო. ნებისმიერი უარყოფითი გადათარგმნადია დადებითში და სიყვარულში. ალბათ, ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის – გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში. როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში. ალბათ თავისუფლებაც ეს არის და დიდი მადლობა თქვენ ამ თავისუფლებისთვის. მენატრებით”, – წერია ანდრო ჭიჭინაძის წერილში, რომელიც საპროტესტო მანიფესტზე გააჟღერეს.
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის და პროევროპულ აქციებზე სხვა დაკავებულების მხარდასაჭერად, “ახალი თეატრის” წინ მსახიობებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს.
თეატრის წინ მოწყობილი სცენიდან, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა საპროტესტო მანიფესტზე განაცხადა, რომ “ახალი თეატრი” გადის რეგიონებში. მისივე სიტყვებით, ისინი ყველგან მივლენ და ყველასთან დაილაპარაკებენ.
“რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიქნებით და ჩვენ გავიმარჯვებთ.
ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს, ეს ჩვენი ბრძოლა იყო და ამიტომ ვიწყებთ დღეს ჩვენ, მაგრამ ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები აუცილებლად შემოგვიერთდება. აუცილებლად ერთად ვიქნებით.
ახლავე ვიწყებთ დაანონსებას, ახალი თეატრი გადის რეგიონებში. ყველგან მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ, ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება აბსოლუტურად ყველა. ჩვენ ერთდროილად გავიშლებით რეგიონებში. სდიეთ ქართულ თეატრს. სდიეთ”, – თქვა მან.
უკვე თვეზე მეტია, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი ს ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.
მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.