საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.
– ბატონო ანდრო, 2 სექტემბერი ინფორმაციული თვალსაზრისით მეტად დატვირთული დღე აღმოჩნდა. სასამართლომ რუსთაველზე აქციების მონაწილეებს განაჩენი გამოუტანა, ამის პარალელურად პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის ანგარიში მოისმინა.
მოდით საუბარი, ქუჩის პროტესტანტების მიმართ სასამართლოს განაჩენების გამოტანით დავიწყოთ. მიუხედავადა იმისა, რომ ბრალდებულებს ვერც „ჯგუფურად ჩადენილი“ დანაშაული დაუდგინდათ, ვერც დაკავებამდე ნაცნობობაც კი, მათ განაჩენი მაინც სწორედ „ჯგუფურად ჩადენილი“ დანაშაულისთვის მიესაჯათ.
ბრალდებას რომ ჰქონოდა მათი ნაცნობობის, ჯგუფურად დაგეგმვისა და დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებები, აუცილებლად წარმოადგენდა. ასეთ ვითარებაში გაუგებარია განაჩენი რის საფუძველზე იქნა გამოტანილი.
ახლა მნიშვნელობა არ აქვს ბრალდებულებისადმი ვის როგორი დამოკიდებულება აქვს. მთავარ პრობლემად ახლა ის ჩანს, ბრალდების გამოტანისას დამაჯერებელი პასუხი განაჩენის გამომტან მოსამართლეებსაც რომ არ ექნებათ. ამგვარად მართლმსაჯულების წარმოებამ სანამდე შეიძლება მიიყვანოს სამართალი, საზოგადოება და ქვეყანა, მგონი ეს უნდა იყოს პრობლემა…
თქვენ როგორ შეაფასებდით რუსთაველზე აქციებში მონაწილეთათვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებს?
რას შეიძლება ნიშნავდეს ამგვარი გადაწყვეტილებების გამოტანა და ამგვარმა მართლმსაჯულებამ სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს?
– ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ამგვარი მართლმსაჯულების სისტემა პირდაპირ უთხრის ძირს სტაბილურობას და სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. სამართალი მშვიდობის უპირველესი გარანტიაა, უსამართლო სტაბილურობა დიქტატურაა და ამის ნათელი მაგალითი საბჭოთა კავშირია, სადაც არც ერების და არც ადამიანების უსაფრთხოება არ იყო გარანტირებული, თუმცა მეტად შესაშური სტაბილურობა სუფევდა.
რეალურად კი, თუ საზოგადოებას არ აქვს სამართლის პოვნის განცდა, წარმოიქმნება ანტაგონისტური ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ძალებით ცდილობენ სამართლის დამკვიდრებას.
ყოველგვარი შელამაზების გარეშე, ამგვარი მართლმსაჯულების სისტემა პირდაპირ უთხრის ძირს სტაბილურობას და სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს
როგორია დღეს ვითარება საქართველოში სამართლის თვალსაზრისით? თავი დავანებოთ იმას, რომ ფაქტიურად დაუმტკიცებელი ბრალის პირობებში ადამიანებს საპატიმრო სასჯელი მიესაჯათ, მაშინ, როდესაც იგივე მუხლი თავისუფლების აღკვეთის გარეშე სასჯელის დანიშვნასაც ითვალისწინებს.
გასაოცარი და სამწუხარო რამ ხდება ყველა პროცესზე: სასამართლო უწყვეტ რეჟიმში ისმენს საჯარო მოხელეთა მხრიდან ცრუმოწმეობას, პოლიციელთა მხრიდან ძალადობის, არაადამიანური მოპყრობის, ეთნიკური, სქესობრივი ნიშნით შეურაცხმყოფელი მოქმედებების ქრონიკებს, აფასებს გამოძიების მიერ გაყალბებულ მტკიცებულებებს და ამაზე არ რეაგირებს.
არ მომხდარა არც ერთი ფაქტის გადამოწმებაც კი, რითაც პროცესებმა გააჩინა განცდა, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანის არათუ დევნაა მისაღები, არამედ ფიზიკური ანგარიშსწორებაც, ხოლო თუ მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ ლოიალური არ ხარ, სამართალს ვერ იპოვნი.
გასაოცარი და სამწუხარო რამ ხდება ყველა პროცესზე: სასამართლო უწყვეტ რეჟიმში ისმენს საჯარო მოხელეთა მხრიდან ცრუმოწმეობას, პოლიციელთა მხრიდან ძალადობის, არაადამიანური მოპყრობის, ეთნიკური, სქესობრივი ნიშნით შეურაცხმყოფელი მოქმედებების ქრონიკებს, აფასებს გამოძიების მიერ გაყალბებულ მტკიცებულებებს და ამაზე არ რეაგირებს
როდესაც საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი სასამართლოს იმედს კარგავს, ბუნებრივია, ჩნდება პრობლემების ძალისმიერი მოგვარების სურვილი, რაც სახელმწიფოს დესტაბილიზაციას უქადის.
შესაძლოა, ამ ეტაპზე მმართველი პარტია სწორედ ამას ცდილობდეს, უბიძგოს ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ძალისმიერი მოქმედებებისკენ და ამით გაამართლოს ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, მაგრამ ეს უაღრესად სარისკო და საფრთხისშემცველი პროცესია, რაც სახელმწიფოს ჩამოშლას გამოიწვევს.
– ვიდრე თეა წულუკიანის პარლამენტში წარდგენილი დასკვნის მთავარ საკითხების განხილვაზე გადავიდოდეთ, შეუძლებელიც კი არ გავიხსენოთ მისი მოხსენების ის პასაჟები, რაც წინა ხელისუფლების დროს დარღვებებს ეხება და სასამართლოსების მიერ ისეთ გადაწყვეტილებებს ეხება, ახლა რომ ვმსჯელობთ.
ამ თემაზე თეა წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა – „ძალაუფლების დემონსტრირების, დაშინებისა და დამორჩილების მიზნით, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ადამიანებს თავისუფლებას უკანონოდ აღუკვეთდნენ, აწამებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ, აუპატიურებდნენ ან კლავდნენ“.
მართალია, არანაირი საფუძველი არ არსებობს დღევანდელ ხელისუფლებას „გაუპატიურება და ხალხის კვლა“ დააბრალო, მაგრამ, ის რაც მომიტინგეების დაშლა დაკავებისას ხდებოდა, სამართალთან რომ ცოტა რამ შეიძლება ჰქონდეს საერთო, უდავოც კია.
როცა წინა ხელისუფლების მიერ – „ძალაუფლების დემონსტრირების, დაშინებისა და დამორჩილების მიზნით „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსნების“ მიერ არასამართლებრივ ქმედებებზე ვსაუბრობთ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ აქციებში მონაწილეთა მიმართ სამართლადამცველთა ქმედებები და მათ მიმართ გამოტანილი სასჯელები, სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს წინა ხელისუფლების ქმედებებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკას…
– მართლმსაჯულების სისტემა უკიდურესად პოლიტიზირებულია და ის სრულად ემორჩილება მმართველი პარტიის პოლიტიკურ მიზნებს. პოლიტიზირების ეს დონე უკვე დანაშაულებრივ სისტემას აყალიბებს, სადაც სამართლებრივი საფუძვლები სრულიად მოშლილია.
ფაქტია, რომ თვეების წინ მომხდარი ძალადობრივი დანაშაულები, როგორიცაა წაქცეული მომიტინგის წიხლებით ცემა პოლიციელის მხრიდან, ბესიკის ქუჩაზე ორგანიზებული ბანდის მიერ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშწორება, დაკავებული ადამიანების ჯგუფური ცემა პოლიციის ავტომობილში, გაუპატიურების, ძალადობის მუქარა, დამცირება – არათუ გამოუძიებელია, პოლიტიკური პასუხისმგებლობაც კი არ დაკისრებიათ.
მაგალითად, ოპერაციაზე პასუხისმგებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. პირიქით, ისინი წოდებებით და ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს, ფულადი ჯილდოც გამოუყვეს. ეს ატმოსფერო და დაუსჯელობის სინდრომი შეიცავს თავს თავში მოკვლისა და გაუპატიურების რისკს, თორემ თავსთავად, სავარაუდოდ, ალბათ არც გირგვლიანის ან მაგალითად, თეთრაძის მკვლელებს არ უნდოდათ მათი მოკვლა.
მმართველი პარტია ცდილობს უბიძგოს ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ძალისმიერი მოქმედებებისკენ და ამით გაამართლოს ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, მაგრამ ეს უაღრესად სარისკო და საფრთხისშემცველი პროცესია, რაც სახელმწიფოს ჩამოშლას გამოიწვევს
სულ ახლახანს, ბაჩიაშვილის ინციდენტის გახმაურებისას, აღმოჩნდა, რომ არც სასჯელარსრულების დაწესებულებებში ყოფილა საქმე მთლად კარგად: არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ვერსიას ვენდობით, ფაქტია, პირთა ჯგუფმა სასჯელარსრულების სისტემის თანამშრომლების გამოყენებით იძალადა პატიმარზე, რომელიც მანამდე გაურკვეველი გზით და სამართლებრივი პროცედურით ჩამოიყვანეს სპეციალური რეისით, ხოლო საზოგადოებას აუწყეს, ძებნილი თავად მოადგა საზღვარსო.
ეს ყველაფერი მიუთითებს არა მარტო პოლიტიკური ინტერესის, არამედ კრიმინალური სამყაროს, კრიმინალური ინტერესის შეზრდაზე სახელმწიფო სტრუქტურებთან.
ნაციონალების დროს სახელმწიფოს მიმართ სტრასბურგის სასამართლოს ძირითადი ბრალდება რა იყო? ის, რომ „სახელმწიფო ინსტიტუტები კოორდინირებულად მოქმედებდნენ მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შესაშლელად.“, რის გამოც ილახებოდა ადამიანის სიცოცხლის, სამართლიანი სასამართლოს და სხვა ფუნდამენტური უფლებები.
ახლა როგორ ხდება? ადამიანი სასამართლო სხდომაზე ასახელებს გადამოწმებად ფაქტებს: გვარებს, ოთახის ნომერს, ავტომობილს, თარიღს და ყვება, რომ ის დაკავების შემდგომ აწამეს, ემუქრებოდნენ, აღენიშნება ძალადობის კვალი.
მიუხედავად ამისა, შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექცია, პროკურატურა, სასამართლო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელიც კი არ რეაგირებენ აღნიშნულზე.
მართლმსაჯულების სისტემა უკიდურესად პოლიტიზირებულია და ის სრულად ემორჩილება მმართველი პარტიის პოლიტიკურ მიზნებს. პოლიტიზირების ეს დონე უკვე დანაშაულებრივ სისტემას აყალიბებს, სადაც სამართლებრივი საფუძვლები სრულიად მოშლილია
ერთ ადამიანსაც კი არ აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეჩერებული, თუნდაც გამოძიების მიმდინარეობისას. ამასობაში, მასწავლებელი ქალი ნინო დათაშვილი წინასწარ პატიმრობაშია უკვე თვეების მანძილზე მხოლოდდამხოლოდ იმისთვის, რომ არაპროპორციული ფორმით მოძალადე სახელმწიფო მოხელეს დაუპირისპირდა სასამართლოს შენობაში.
ადამიანები დაუსაბუთებელი ბრალდებით თვეების განმავლობაში იყვნენ წინასწარ პატიმრობაში და გამართლების შემდგომ ერთი პოლიციელის თანამდებობრივი პასუხისმგებლობაც კი არ დამდგარა, მოკვლევაც კი არ დაწყებულა, თუ როგორ გაჩნდა ნარკოტიკული საშუალება გამართლებული ბრალდებულის ჯიბეში.
– უნდა ითქვას, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მოხსენება, საკმაოდ მოცულობითი და მრავალპლასტიანი იყო. ჩვენ ყველა მის ასპექტს ვერ შევეხებით, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ასპექტზე გავამახვილებთ ყურადღებას.
კარგია, რომ ამჯერად კომისიის თავმჯდომარეს პირდაპირ არ დაუდანაშაულებია საქართველოს ხელისუფლება 2008 წლის ომის დაწყებაში, მაგრამ, მან თქვა – „2008 წლის აგვისტოში, ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ცხინვალზე შეტევა განახორციელეს.“
მისივე თქმით, – „კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლიდანვე მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საზიანო ნაბიჯები გადადგა – მას გარე ძალების იმედი უნდა ჰქონოდა“.
რატომ აღმოჩნდა ქართული ჯარი „საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართული“, ამაზე, რა თქმა უნდა, საუბარი შეიძლება, მაგრამ, მთავარი მაინც ისაა რომ კომისიის დასკვნაშია – „გარე ძალების დახმარების იმედითა და სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ცხინვალზე შეტევა განახორციელეს“, მას ( სააკაშვილს) „გარე ძალების იმედი უნდა ჰქონოდა“.
აქაც აზრი მტკიცებით ფორმაში არა, ვარაუდია გამოთქმული. არადა, უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ საქართველოს დასავლელი და განსაკუთრებით ამერიკელი პარტნიორები აბსოლუტურად ღიად მოგვიწოდებდნენ თავი შეგვეკავებინა და რუსულ პროვოკაციას არ ავყოლოდით.
თქვენ როგორ შეაფასებდით, კომისიის დასკვნის ან ნაწილს და ამჯერად ირიბად, თითის პრაქტიკულად ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ გაშვერას?
– ჩემთვის აქ ახალი არაფერია. ცნობილია რუსული სადაზვერვო სამსახურების მიერ ფართოდ კულტივირებული კრემლის მესიჯი: „დასავლეთი იწვევს რუსეთის წინააღმდეგ ომებს მთელს მსოფლიოში პროქსი-ხელისუფლებების მეშვეობით, ხოლო რუსეთი იძულებულია თავი დაიცვას.“.
თუ კომისიის დასკვნის იმ ნაწილს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს შეეხება ამ პრიზმაში შევხედავთ, რუსული საინფრომაციო ზემოქმედების კვალი აშკარაა.
ნაციონალების დროს სახელმწიფოს მიმართ სტრასბურგის სასამართლოს ძირითადი ბრალდება რა იყო? ის, რომ „სახელმწიფო ინსტიტუტები კოორდინირებულად მოქმედებდნენ მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შესაშლელად.“, რის გამოც ილახებოდა ადამიანის სიცოცხლის, სამართლიანი სასამართლოს და სხვა ფუნდამენტური უფლებები… ახლა როგორ ხდება? ასეთ ფაქტებზე გენერალური ინსპექცია, პროკურატურა, სასამართლო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელიც კი არ რეაგირებენ
ვინც გაცნობიერებულად იყო ამ ინტერესის გამტარებელი და ვინც უნებლიედ, ეს ალბათ მომავალში საგამოძიებო მოქმედებებით გაირკვევა, როცა საქართველო განვითარების ჩვეულ ტრაექტორიას დაუბრუნდება. ამ ეტაპზე კი ამგვარი განცხადებების ერთობლიობამ გამოიწვია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გაყინვა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება. ამაზე უფრო მკვეთრად გამოხატული საბოტაჟი რთულად წარმოსადგენია.
მითუმეტეს, როდესაც მსოფლიო უკრაინაში ომის დამთავრებას განიხილავს იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ბრძოლის ველზე არ დამარცხებულა და უკრაინას არაპროვოცირებულ ომში მშვიდობის სანაცვლოდ შესაძლოა, გარკვეული ტერიტორიების დათმობამ მოუწიოს, ამგვარი დასკვნა, სადაც საქართველოს ხელისუფლება ომის პროვოცირებაშია მხილებული, მეტისმეტად დიდი საჩუქარია კრემლისთვის.
– საკმაოდ ვრცლად ისაუბრა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ წინა ხელისუფლების მმართველობაზე, ციხეებში არსებულ ვითარებაზე და კიდევ არა ერთ, სამწუხარო ფაქტებზე.
წულუკიანის მტკიცებით – „კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში, „ნაცმოძრაობის“ მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული არაჯანსაღი მართვის მოდელი კორუმპირებული იყო – ადგილი ჰქონდა კანონგარეშე პროცესებს“.
მისივე თქმით, „ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას სააკაშვილთან ერთად ხელს უშლის არასამთავრობო ორგანიზაციები, კოალიცია „ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია-საქართველოსთვის“.
წინა ხელისუფლების მმართველობისას დაშვებულ შეცდომებსა და გადაცდომებზე 2012 წლიდან დღემდე ბევრი ითქვა და დაიწერა. ამჯერად, „ქართული ოცნების“ მმართველი გუნდი წინა ხელისუფლებისაგან შეცდომების აღიარებას საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდას უკვე საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესაბამისად მოითხოვს.
როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, უნდა დავამატოთ ის, რაც ქალბატონ თეას არ უთქვამს, მხედველობაში მაქვს ის, რომ „ქართული ოცნება“ მთელ ოპოზიციას „დასავლეთის აგენტებს“ეძახის. საუბარია იმ დასავლეთზე, რომლისკენაც თითქოს ქვეყანა მიისწრაფის.
ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი რეალურად არც არსებობს, ამაზე ისიც მეტყველებს რომ პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის ნაცვლად ქვეყნის დაპირისპირებულ ბანაკებად ჩამოყალიბებას ვადევნებთ თვალს.
რამდენადაც სწორად არ უნდა აფასებდეს ქალბატონი თეა წულუკიანი წინა ხელისუფლებას, ფაქტია, რომ ასეთივე ბრალდებებს დღეს მათ ოპონენტები, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების ნაწილიც მიუთითებს. ამ კრიტიკის პასუხად კი გვესმის – ისინი უნდა აიკრძალონ!
თქვენ როგორ შეაფასებდით კომისიის დასკვნის ამ ნაწილს და ლამის მთელი ოპოზიციური სპექტრის აკრძალვის პერსპექტივას, რაზეც ქალბატონმა თეა წულუკიანმა ისაუბრა?
– აქაც, მმართველი პარტიის რიტორიკა და სავარაუდოდ, ინტერესებიც ემთხვევა რუსეთისას. საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთისთვის მიუღებელია დემოკრატიის არსებობა მისი გაგებით „პოსტსაბჭოთა“ ქვეყნებში. ის დემოკრატიას ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს და ყველგან, სადაც ხელი მიუწვდება, მის ჩანაცვლებას ცდილობს სურკოვისეული „პუტინის სახელმწიფოთი“, სადაც, სუვერენული დემოკრატიის ატმოსფეროში სახელმწიფო ეყრდნობა ჭარბი ნდობის მქონე ლიდერს და „ძალოვან“ სტრუქტურებს.
ეს სწორედ ის მოდელია, რომელიც ახლა მყარდება საქართველოში და ის არ გვაახლოვებს დასავლეთთან, რადგან აუცილებლად ითვალისწინებს არასამთავრობო სექტორის ნაწილის, ასევე ოპოზიციური სპექტრის დათრგუნვას და მათ სანაცვლოდ ბუტაფორიული ინსტიტუტების შექმნას. თავად აკრძალვა ტექნიკურად როგორ უნდა განხორციელდეს, ეს კიდევ ცალკე საქმეა და ალბათ ისევ გავხდებით ნონსენსების მთელი წყების მოწმენი.
დასკვნა, სადაც საქართველოს ხელისუფლება ომის პროვოცირებაშია მხილებული, მეტისმეტად დიდი საჩუქარია კრემლისთვის
საქართველოსთვის დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და ამ გზით რუსული საფრთხის შემცირების აუცილებელი პირობა და ერთადერთი გზაა. შესაბამისად, რუსეთისთვის სამიზნე სწორედ დემოკრატიული წყობა, დასავლური ლიბერალური დემოკრატიაა. სწორედ დემორკატიის ძირის გამოთხრა, დემოკრატიული წყობის ქვეყნებში ავტორიტარიზმის ჩასახვა, ხოლო ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნებში – ავტორიტარული რეჟიმების დამყარებაა რუსეთის მიზანი. ამ გზით კრემლი მოახერხებს ამგვარ ქვეყნებზე საკუთარი გავლენის სფეროს გავრცელებას.
დემოკრატია, როგორც პოლიტიკური წყობა მარტო საგარეო ვექტორზე კი არა, შიდაპოლიტიკურადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ის უზრუნველყოფს როგორც ეროვნული ინტერესების რეალიზებას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებას.
თანამედროვე მიდგომით სახელმწიფო უსაფრთხოება ადამიანის უსაფრთხოების ჭრილში განიხილება და ამ პრიზმაში სწორედ დემორკატია უზრუნველყოფს პიროვნების ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, პოლიტიკურ, სათემო, კვების, სამედიცინო თუ პერსონალურ უსაფრთხოებას.
ადამიანის უსაფრთხოების თითოეული ეს კომპონენტი დაცულია საფრთხეებისაგან დემორკატიაში და შელახული – ავტოკრატიებში. ამრიგად, დემოკრატიის მშენებლობა გზაა დასავლურ ალიანსებში გასაწევრიანებლად, რუსული საფრთხისგან თავის დასაცავად, ხოლო წევრობა კი, თავის მხრივ, შემდგარი დემოკრატიის დაცვის გარანტიაა.
მმართველი პარტიის რიტორიკა და სავარაუდოდ, ინტერესებიც ემთხვევა რუსეთისას. რუსეთისთვის მიუღებელია დემოკრატიის არსებობა მისი გაგებით „პოსტსაბჭოთა“ ქვეყნებში. ის დემოკრატიას ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს და ყველგან, სადაც ხელი მიუწვდება, მის ჩანაცვლებას ცდილობს სურკოვისეული „პუტინის სახელმწიფოთი“, სადაც, სუვერენული დემოკრატიის ატმოსფეროში სახელმწიფო ეყრდნობა ჭარბი ნდობის მქონე ლიდერს და „ძალოვან“ სტრუქტურებს
დღესდღეობით, როდესაც რუსეთი უკრაინაში არაპროვოცირებულ და არაადამიანური ომით არის დაკავებული, ხოლო სკეპტიოკოსმა ქვეყნებმა გააცნობიერეს რა რუსული საფრთხე, ევროპის გაფართოებას მწვანე შუქი აუნთეს, საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ ვალდებული იყო მოეხდინა დემოკრატიის კონსოლიდაცია თუნდაც მერკანტილური პარტიული ინტერესების ხარჯზე, და დიდი ძალისხმევა ჩაედო დასავლურ სტრუქტურებში აპრობირებული დათქმების გარეშე გაწევრიანების პროცესში.
როგორც კი უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება გაიყინება, საქართველოს მიმართ რისკები გაიზრდება და რუსეთი პარტნიორების გარეშე დარჩენილ საქართველოს სუვერენიტეტის დათმობას მოსთხოვს.
რუსეთისთვის სამიზნე სწორედ დემოკრატიული წყობა, დასავლური ლიბერალური დემოკრატიაა. სწორედ დემორკატიის ძირის გამოთხრა, დემოკრატიული წყობის ქვეყნებში ავტორიტარიზმის ჩასახვა, ხოლო ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნებში – ავტორიტარული რეჟიმების დამყარებაა რუსეთის მიზანი. ამ გზით კრემლი მოახერხებს ამგვარ ქვეყნებზე საკუთარი გავლენის სფეროს გავრცელებას
– შესაძლოა, ვცდები, მაგრამ კომისიის დასკვნაში იმაზე მსჯელობა, რომ თურმე „ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნისას ადგილი ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის მცდელობას, როგორც ეს მოხდა 2008 წელს“, უცნაურადაც კი გამოიყურება.
უცნაური ისაა, რომ პრემიერი გახარია თურმე ყველასგან დამოუკიდებლად მოქმედებდა, რაც დაუჯერებელიც კია. ასეა, რადგან ჩორჩანის საგუშაგოს აგებაზე სახელმწიფოს თანხები დაიხარჯა და მათზე წვდომა, ცხადია მხოლოდ გახარიას არ ექნებოდა.
ასევე საგულისხმო გახლდათ განცხადება იმაზე, რომ – „ნაცმოძრაობამ“ ყველა ზომას მიმართა იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ მოეპოვებინა“.
საერთოდ გაუგებარი დარჩა რას ემსახურებოდა მსჯელობები იმაზე, რომ გადადგომისას არც შევარდნაძეს დაუწერია განცხადება და არც ასლან აბაშიძეს. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, სსრკ-ს პრეზიდენტის პოსტის დატოვებაზე მიხელ გორბაჩოვის ზეპირი განცხადება არსებობს მხოლოდ. ანუ, რა გამოდის, სსრკ ჯერად არ დაშლილა?
თქვენ როგორ აღიქვით ამ თემებზე ქალბატონ თეას განცხადებები?
– თუ ცალკეულ განცხადებებს საერთო კონტექსტში მოვაქცევთ, დასკვნის ეს ნაწილიც, სამწუხაროდ, რუსული ინტერესის მატარებელია. მთელი ეს წიაღსვლები, მეტ-ნაკლები პროფესიონალიზმით შესრულებული, იმას ემსახურება, რომ მოხდეს „ნაცმოძრაობის“ მმართველობის არალეგიტიმურად გამოცხადება.
გასაგებია, ეს მმართველ პარტიას გაუადვილებს ხელისუფლებაში დიდი ხნით დარჩენას. ელექტორატს გააცნობენ, რომ ცდილობენ ნაციონალების ხელისუფლება გამიჯნონ საქართველოსგან და ამით, მშვიდობის შესანარჩუნებლად სუფთა ფურცლიდან ისაუბრონ რუსეთთანაც და დასავლეთთანაც, მაგრამ რეალურად, ეს არ არ ხდება.
როგორც კი უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება გაიყინება, საქართველოს მიმართ რისკები გაიზრდება და რუსეთი პარტნიორების გარეშე დარჩენილ საქართველოს სუვერენიტეტის დათმობას მოსთხოვს
„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება იყო და იმის თქმა, რომ შევარდნაძეს გადადგომაზე განცხადება არ დაუწერია, მის დელეგიტიმაციას ვერ უზრუნველყოფს.
ამავდროულად, თუკი ის ხელისუფლება არალეგიტიმური იყო, მაშინ მისი ყველა მოქმედება არალეგიტიმურია და რუსეთი მართალი ყოფილა, როდესაც უზურპატორის მიერ წამოწყებული ომის შესაჩერებლად წამოიყო „მშვიდობისაკენ იძულების“ სამხედრო ოპერაცია. უფრო მეტიც, თუკი ეს ომი არალეგიტიმურმა, გადატრიალებით მოყვანილმა დასავლეთის აგენტურამ მისივე წაქეზებით წამოიწყო და ცხინვალში მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა, მაშინ კოსოვოს პრეცედენტის გავრცელებაც და ოკუპირებული რეგიონების აღიარებაც სამართლიანი ყოფილა.
ეს არის ის, რასაც რუსეთი ახლა განსაკუთრებით მიელტვის: საქართველოსთან ანალოგიით გაამართლოს ოკუპაციის შედეგად წარმოქმნილი ტერიტორიული პრეტენზიები უკრაინის წინააღმდეგ.
– შეუძლებელიც კი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე საუბარი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით არ დავასრულოთ.
მან კი თქვა – საგამოძიებო კომისიის დასკვნა უცხოელი პოლიტიკოსებისთვის არის შანსი, გაიაზრონ, თუ რა დანაშაულებრივ რეჟიმს უჭერდნენ მხარს – დასკვნა ითარგმნება მათთვის, ვისაც წინა რეჟიმის მიმართ სენტიმენტები აქვს.“
ალბათ, დასკვნა მალე ითარგმნება, მას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მალევე მიიღებენ, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, აღმოჩნდება თუ არა იგი მათთვის, როგორც ბატონმა პაპუაშვილმა თქვა – წინა ხელისუფლების საქმიანობის გადაფასების შანსი?
– დასავლეთს წინა ხელისუფლების საქმიანობის გადაფასება არ სჭირდება. ჩვენმა პარტნიორებმა შესანიშნავად, ზოგჯერ ჩვენზე უკეთაც კი იციან საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის წარმატებებიც და სირთულეებიც.
აქამდე არსებული ყველა ხელისუფლება სცოდავდა დემოკრატიის მხრივ, როგორც კი ეს უკანასკნელი მის მმართველობას დაემუქრებოდა და მეტ-ნაკლები სიხისტით ცდილობდა კანონმდებლობა, ინსტიტუტები იმგვარად მოერგო, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგე შეეზღუდა და ხელისუფლებაში ყოფნის ვადა გაეხანგრძლივებინა, მაგრამ აქამდე უცვლელი იყო ძირითადი ტრაექტორია: საქართველოს დასავლური კურსი და ქართველი ხალხის ურყევი ნება- აეშენებინა დასავლური ტიპის დემოკრატიული სახელმწიფო.
სწორედ ამ ფაქტორების და საქართველოს მზადყოფნის გამო, ყოფილიყო უსაფრთხოების კონტრიბუტორი საერთაშორისო მისიებში, იძენდა ჩვენი სახელმწიფო სტრატეგიულ მნიშვნელობას ვაშინგტონისა და ბრიუსელისთვის.
თუ ცალკეულ განცხადებებს საერთო კონტექსტში მოვაქცევთ, დასკვნის ეს ნაწილიც, სამწუხაროდ, რუსული ინტერესის მატარებელია. მთელი ეს წიაღსვლები, მეტ-ნაკლები პროფესიონალიზმით შესრულებული, იმას ემსახურება, რომ მოხდეს „ნაცმოძრაობის“ მმართველობის არალეგიტიმურად გამოცხადება
როდესაც ეს სტრატეგიული საკითხები დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, შევარდნაძის და სააკაშვილის ხელისუფლებებმა სხვადასხვა პირობებში, სხვადასხვა საწყისი პოზიციებიდან, მაგრამ ხელისუფლება დათმეს, „ოცნებამ“ კი, ხელისუფლების დაკარგვის შიშით, პროდასვლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა, თანაც, მოსახლეობის განწყობების შესაცვლელად, რუსული პროპაგანდით სცადა დასავლეთთან ურთიერთობების მოშლა.
ეს დასავლეთში დიდ იმედგაცრუებას იწვევს და თუ სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვალა, დადგება ‘სტრატეგიული უმნიშვნელობის“ ფაზა, როდესაც საქართველო, უბრალოდ აღარ მოხვდება გავლენიანი სახელმწიფოების დღის წესრიგში.
სხვათა შორის, ეს რომ ასეა, ამას ყაველაშვილის პრეზიდენტ ტრამპისთვის მიწერილი წერილიც მოწმობს, სადაც ხაზგასმულია, რომ “საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას.” ეს ნიშნავს, რომ “სტრატეგიული უმნიშვნელობის” ფაზა დამდგარია და სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებული. უფრო მეტიც, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტმა ეს არ იცის, მაგრამ მას, ვინც ბოლო წლების საქართველოს პოლიტიკა დაგეგმა, პროცესები სწორედ ამისკენ მიჰყავდა.
დასავლეთს წინა ხელისუფლების საქმიანობის გადაფასება არ სჭირდება. ჩვენმა პარტნიორებმა შესანიშნავად, ზოგჯერ ჩვენზე უკეთაც კი იციან საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის წარმატებებიც და სირთულეებიც
ყოველთვის, როდესაც საქართველოს დასავლურ კურსს საფრთხე ემუქრებოდა (და, როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებები ძალაუფლების უსასრულოდ შენარჩუნების მიზნით დროდადრო ქმნიდნენ მცირე და დიდი პრობლემებს ამ კურსზზე), ვაშინგტონი მოლაპარაკებების გზით ახერხებდა ტრაექტორიის კორექტირებას და ეს გადახრები არა ქართველი ხალხის ნებას, არამედ საბჭოთა ტოტალიტარულ წარსულს მიეწერებოდა.
ახლაც, ბაიდენისა თუ ტრამპის ადმინისტრაციებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს – იყო კომუნიკაციის მცდელობები, მაღალი რანგის ოფიციალური პირებიც კი ჩამოვიდნენ თბილისში, მაგრამ მათთვის შეუძლებელი აღმოჩნდა სათანადო დონეზე შეხვედრების დაგეგმვა და მოლაპარაკების წარმოება.
უფრო მეტიც, უშუალოდ ხელისუფლების მხრიდან სწორედ ის ნაბიჯები იქნა გადადგმული, რომლებიც წინასწარ შეცნობით დაამძიმებდა ორმხრივ ურთიერთობებს. შესაბამისად, ვაშინგტონში ჩათვალეს, რომ საქართველომ ამ პარტნიორობას ზურგი შეაქცია, რის გამოც ის სულ უფრო იშვიათად ხვდება სახელმწიფო მდივნის, პენტაგონის და პრეზიდენტის დღის წესრიგში. იგივე ითქმის ბრიუსელსა და ლონდონზე, თუმცა ევროპა ნეგატიური კონოტაციით მაინც განიხილავს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
ამ ფონზე, არსებობს რისკი, რომ საქართველოს უბრალოდ დაივიწყებენ. საქართველოსთვის კი სტრატეგიულ უმნიშვნელობაში აღმოჩენა დამღუპველია, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე მის მარტო დარჩენას გამოიწვევს, ხოლო შიდა მოწყობის და ეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, განვითარების შესაძლებლობებზე წვდომის დაკარგვას.
დასავლეთში დიდ იმედგაცრუებას იწვევს და თუ სიტუაცია რადიკალურად არ შეიცვალა, დადგება ‘სტრატეგიული უმნიშვნელობის“ ფაზა, როდესაც საქართველო, უბრალოდ აღარ მოხვდება გავლენიანი სახელმწიფოების დღის წესრიგში
სტრატეგიული უმნიშვნელობის რამდენიმე მაგალითი სულ ახლო წარსულში გათამაშდა: თეთრ სახლში გამართულ პრეზიდენტ ტრამპისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე, რომელიც მეზობელ ქვეყანაში რუსეთის აგრესიას განიხილავდა, საქართველოს ოკუპაცია გაკვრითაც არ გაჟღერებულა, არადა, ეფექტური ევროპული პოლიტიკის პირობებში, უსათუოდ დაისმებოდა რუსულ ოკუპაციასთან შეურიგებლობის საკითხი. ასევე არ ყოფილა საქართველოს ხსენება ოვალურ კაბინეტში გამართული სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებებისას. არავინ ესაუბრება სირიის ახალ ხელისუფლებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებაზე სანქციების შერბილების სანაცვლოდ.
არსებობს რისკი, რომ საქართველოს უბრალოდ დაივიწყებენ. საქართველოსთვის კი სტრატეგიულ უმნიშვნელობაში აღმოჩენა დამღუპველია, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე მის მარტო დარჩენას გამოიწვევს, ხოლო შიდა მოწყობის და ეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, განვითარების შესაძლებლობებზე წვდომის დაკარგვას
შეერთებული შტატების და ევროპის მხარდაჭერის შესუსტების კომპენსაციას მმართველი პარტია თითქოს თურქეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობით ცდილობდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მართლაც მძლავრი რეგიონული მოთამაშეა, საქართველო მისთვის თანასწორი პარტნიორი მხოლოდ დასავლურ პლატფორმებზე შედეგიანი ინტეგრაციის შემთხვევაში იქნება.
როგორ გააღწევს საქართველო ამ მოცემულობით სამშვიდობოს და მივდივართ თუ არა რუსეთისკენ, როდესაც ვაშინგტონისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელო ხარ, ამის მიხვედრა რთული არ არის.
– პარლამენტმა სუს-ის უფროსად ამ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე დაამტკიცა.
სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის დანიშვნა რა კორექტივებს შეიტანს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან საგარეო ურთიერთობების დალაგებასა და საშინაო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებში?
– არ მგონია, უსაფრთხოების სამსახურში განხორციელებული ცვლილება საგარეო პოლიტიკას უკავშირდებოდეს. მითუმეტეს, რომ მამუკა მდინარაძე ოხანაშვილზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ იყო ჩართული რუსული სულისკვეთების მქონე ცვლილებებსა თუ დემოკრატიის ძირის გამოთხრაში.
ვფიქრობ, ოხანაშვილის მდინარაძით ჩანაცვლება უფრო შიდაპოლიტიკური დატვირთვის მატარებელია და კობახიძის გარშემო ძალაუფლების კონსოლიდაციას ემსახურება, თუმცა, რატომ გახდა 6 თვეში აქამდე გუნდისთვის მისაღები კანდიდატის ცვლილება აუცილებელი, გამოცანად რჩება.
როგორ გააღწევს საქართველო ამ მოცემულობით სამშვიდობოს და მივდივართ თუ არა რუსეთისკენ, როდესაც ვაშინგტონისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელო ხარ, ამის მიხვედრა რთული არ არის
ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყების ხელმძღვანელის ცვლილება ამგვარ არაგამჭვირვალე გარემოში ხდება, ერთის მხრივ მთავრობის ნულოვან ანგარიშვალდებულებაზე მიუთითებს, მეორეს მხრივ კი სპეკულაციების საფუძველს ქმნის. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს ბაჩიაშვილის გარშემო მომხდარ სკანდალს, თუმცა რით დააზარალა ამან ხელისუფლების ისედაც მძიმე რეპუტაცია, გაურკვეველია.
ერთი, რაც კატეგორიულად უნდა გამოვრიცხო, ოხანაშვილის გათავისუფლების მიზეზად დასახელებული ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ტრაილერის საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთში გადასვლაა. ვინც რუსული აქტიური ღონისძიებების ანატომიას იცნობს, ადვილად გაიხსენებს, რომ ცრუ ბრალდება, თითქოს საქართველოს მხრიდან რუსეთს ტერორისტული საფრთხე ემუქრება ისეთივე ძველია, როგორც კრემლის იმპერიული ამბიციები.
ვფიქრობ, ოხანაშვილის მდინარაძით ჩანაცვლება უფრო შიდაპოლიტიკური დატვირთვის მატარებელია და კობახიძის გარშემო ძალაუფლების კონსოლიდაციას ემსახურება, თუმცა, რატომ გახდა 6 თვეში აქამდე გუნდისთვის მისაღები კანდიდატის ცვლილება აუცილებელი, გამოცანად რჩება
ახლო წარსულშიც გავრცელდა ცნობა, თითქოს საქართველოს ტერიტორიის გავლით მოხდა ყირიმის ხიდზე თავდასხმა, უფრო ადრე კი, 2000-იანი წლების დასაწყისში რუსეთი პერმანენტულად სდებდა ბრალს საქართველოს პანკისის ხეობიდან მომდინარე ტერორისტული საფრთხის მიჩქმალვაში. ამგვარ რიტორიკას კრემლი საქართველოზე ზეწოლისთვის იყენებს, „ერთობლივი“ ანტიტერორისტული ღონისძიებების თავს მოსახვევად ან სხვა სამხედრო თუ პოლიტიკური ბენეფიტების მისაღებად. შესაბამისად, ამგვარ ტრაილერს რომც გაევლო საქართველოს ტერიტორია, ეს რუსეთის სპეცსამსახურის კონტროლის ქვეშ მოხდებოდა და ამის გამო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ნამდვილად არ დაისჯებოდა. ცხადია, არავითარი ტრაილერი არ ყოფილა და რუსეთი ჩვეულ სტილში ახდენს საქართველოს ხელისუფლების შანტაჟს. რა მიზნით, ეს ალბათ მომავალში გამოჩნდება.
ერთი, რაც კატეგორიულად უნდა გამოვრიცხო, ოხანაშვილის გათავისუფლების მიზეზად დასახელებული ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ტრაილერის საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთში გადასვლაა
ისევ უსაფრთხოების სამსახურში განხორციელებულ ცვლილებას რომ დავუბრუნდეთ, ამგვარი რყევები სპეცსამსახურის სპეციფიური ძალების და საშუალებების დემორალიზაციას იწვევს, ხშირდება საიდუმლო მასალების გაჟონვა, იზრდება ფარული შემადგენლობის, საიდუმლო პროექტების კონსპირაციისა და კონფიდენციალურობის დარღვევის რისკი, რაც ზოგადად უწყების მუშაობის ხარისხზეც აისახება.
ამასთავანვე, სისტემის მკვეთრი პოლიტიზაცია, მისთვის უჩვეულო ფუნქციების მინიჭება, არასტაბილური სამუშაო გარემო სანდო პარტნიორის იმიჯს ეჭვქვეშ აყენებს.
ტრაილერს რომც გაევლო საქართველოს ტერიტორია, ეს რუსეთის სპეცსამსახურის კონტროლის ქვეშ მოხდებოდა და ამის გამო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ნამდვილად არ დაისჯებოდა. ცხადია, არავითარი ტრაილერი არ ყოფილა და რუსეთი ჩვეულ სტილში ახდენს საქართველოს ხელისუფლების შანტაჟს. რა მიზნით, ეს ალბათ მომავალში გამოჩნდება
წარმოიდგინეთ, სულ რამდენიმე თვის წინ დანიშნული პარტიული კადრი, რომელსაც სპეცსამსახურში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვს, მის მიერ მიყვანილი პოლიტიკური გუნდი, გაეცნო საგარეო დაზვერვის, კონტრდაზვერვის, კონტრტერორისტული საქმიანობის საიდუმლო მასალებს, პროექტებს, საიდუმლო წყაროებს, ფარულ შემადგენლობას, კონსპირაციულ მექანიზმებს და ახლა უკვე ახალი გუნდი მიდის უწყებაში.
კარგად ვიცნობ ამგვარი სამასხურების მოწყობას, სპეციფიური შემადგენლობის, მტრულ გარემოში ფარული პოზიციებიდან მომუშავე გმირი ქალებისა და კაცების ფსიქოლოგიას და არაფერი ისე ნეგატიურად არ მოქმედებს მათი მუშაობის ხარისხზე, არაფერი ისე არ ზრდის უმნიშვნელოვანესი ინფრომაციის გაჟონვის რისკებს, როგორც არასტაბილური გარემო და პოლიტიკურად ანგაჟირებული ხელმძღვანელობის მიერ გაცემული უპასუხისმგებლო დავალებები.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
